გურამ მაჭარაშვილი - ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა
ჩინეთი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს „დემოკრატიის ეროვნულ ფონდთან“ დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებასა და ოპოზიციის შეფასებებზე.
„ჩინეთის განცხადებას რაც შეეხება, ოპოზიცია საუბრობს, თითქოს ჩინეთში დიქტატურაა და მმართველი დიქტატორია, თუმცა ამერიკის პრეზიდენტი ჩინეთის პრეზიდენტს ხვდება, ხოლო სახელმწიფო მდივანი ჩინეთში ჩავიდა და თქვა, რომ ურთიერთობებზე შეთანხმება გააფორმონ. ასე ხდება ევროპის შემთხვევაშიც. ამ ფონზე თქმა, რომ ჩინეთი ვიღაცისთვის მიუღებელია, თვალებში ნაცრის შეყრაა. რეალობას ვხედავთ, რომ მსოფლიოში ყველა თავისი სახელმწიფოსთვის იბრძვის. საქართველო დერეფნის მონაწილეა და, ბუნებრივია, მოგვიწევს ურთიერთობები ჩინეთთან, რომელიც მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. იმედია, ეს ბოლომდეც ასე გაგრძელდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიციას საარჩევნოდ დღის წესრიგში საკითხები აღარ აქვს და გამოგონილ თემებზე საუბრობს.
„ძნელი არ არის იმის გადამოწმება, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს 1998 წლის შემდეგ რუსეთთან კავშირი არ ჰქონია, თუმცა, ამავე დროს, ოპოზიციის ბევრ მაღალჩინოსანს ჰქონდა რუსეთის პასპორტი და ბიზნესი რუსეთში. ვერ ხედავენ, რომ თავად ოპოზიცია არის გადართული რუსეთის ინტერესებზე, ამიტომ საუბრობენ გამოგონილ ფაქტებზე. ბიძინა ივანიშვილმა თანხები იშოვა უცხოეთში და საქართველოში დაახარჯა ქართველ ხალხს, კულტურასა და სპორტს. ოპოზიციის ლიდერებმა საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე იშოვეს ფული, შემდეგ ოფშორებში გადაიტანეს და იქიდან აფინანსებენ რადიკალურ პროცესებს. სწორედ ეს არის სხვაობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.