გურამ მაჭარაშვილი - ჩერგოლეიშვილმა თქვა, საერთო სიის დროს წავაგებთო, ცალ-ცალკე ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეჭირათ ხელში, წაგება გარანტირებული აქვთ
ერთიან სიაზე განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა თამარ ჩერგოლეიშვილმა და თქვა, საერთო სიის დროს ჩვენ წავაგებთო. ცალ-ცალკე რომ გასულიყვნენ, ოპოზიციას ხომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ეჭირა ხელში, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, როგორი სიითაც არ უნდა გავიდნენ არჩევნებზე, მათ გარანტირებული აქვთ წაგება.
„გინდ ცალ-ცალკე გავიდნენ და გინდ – ერთიანი სიით, წაგება გარანტირებული აქვთ და ეს მათ გზავნილებში კარგად ჩანს. თუმცა, მათი პატრონების მოთხოვნას ვინ დაექვემდებარება და როგორ შეთანხმდებიან, ამისთვის პოპკორნი უნდა ვიყიდოთ, რადგან ეს სერია ხელიდან გასაშვები არ არის, ვნახავთ, პირველი ოცეულისთვის როგორ დახოცავენ ერთმანეთს. რაც შეეხება პროცესებში პრეზიდენტის როლს, ძალიან მაინტერესებს, სალომე ზურაბიშვილის ლგბტ ქოლგის ქვეშ რამდენი ოპოზიციონერი გაერთიანდება და ივლიან დროშით, როცა ჩვენ ეროვნული დროშა გვექნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა, რომ „შეიძლება, სხვადასხვა მოსაზრება იყოს კონფიგურაციასთან დაკავშირებით, მაგრამ ყველაზე სწორი, მომგებიანი ფორმულა არის ერთი დიდი ერთობა“. აღნიშნულ განცხადებას გამოეხმაურა ჟურნალისტი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა: „ერთიანი სია არის საჩუქარი ბიძინასთვის, შეგიძლიათ, იხილოთ ორბანის მაგალითი, როდესაც გაერთიანებული ოპოზიცია მასთან სასტიკად დამარცხდა“.