გურამ მაჭარაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს დავიწყებთ
გურამ მაჭარაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, გუნდში და საპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციებს დავიწყებთ

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატების წარდგენის შემდეგ, დავიწყებთ კონსულტაციებს თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით გუნდშიც და საპარლამენტო ოპოზიციასთან, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდს აქვს სურვილი და ნაწილობრივ მოლოდინიც, რომ საკითხზე ოპოზიციასთან შეჯერდება და ცესკო-ს თავმჯდომარეს ხუთი წლით აირჩევენ.

„ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კომისია შეიქმნა. ხუთი დღის განმავლობაში კანდიდატებს საბუთების შეტანის საშუალება ექნებათ, შემდეგ კი, ორ დღეში პრეზიდენტი შეარჩევს თითო ვაკანსიაზე ორ კანდიდატს და პარლამენტს წარუდგენს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კონსულტაციები ოპოზიციასთან, ქვორუმი არის მაღალი – 2/3 პირველ ჯერზე, რათა არჩეული იყოს ცესკო-ს თავმჯდომარე. მოლოდინი გვაქვს, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სიჯანსაღეს ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩენს და კანდიდატების მიმართ ობიექტური იქნება. კანდიდატების წარმოდგენის შემდეგ, უკვე დავიწყებთ კონსულტაციებს თითოეულ კანდიდატთან დაკავშირებით გუნდშიც და საპარლამენტო ოპოზიციასთან. სურვილი გვაქვს და ნაწილობრივ მოლოდინიც, რომ ოპოზიციასთან შევჯერდეთ და ხმათა 2/3-ით იყოს არჩეული ცესკო-ს თავმჯდომარე ხუთი წლით. სხვა შემთხვევაში, იცით, რომ 90 ან 76 ხმით არჩევის შემთხვევაში ექვსი თვით აირჩევა ცესკო-ს თავმჯდომარე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევად კომისია შეიქმნა.