გურამ მაჭარაშვილი - ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერენ, სუვერენიტეტს ვერც სანქციებზე და ვერც ვერაფერზე გავცვლით
ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირში არიან ქვეყნები, რომლებიც საქართველოსთვის სანქციების დაწესებას მხარს არ უჭერენ და ამბობენ, რომ საქართველოს გადასაწყვეტია, რა კანონს მიიღებს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ქვეყანას აქვს უფლება, ის კანონი მიიღოს, რასაც თავად ჩათვლის საჭიროდ.
„ამდენი მუქარის ფონზე ვთქვით, რომ სუვერენიტეტს ვერაფერზე გავცვლით, ვერც სანქციებზე და ვერც სხვა რამეზე. ბორელმა თქვა, რომ საქართველოსთან მიმართებაში ხისტი განცხადებები არ გვინდაო, რადგან ქართველი ხალხის სენსიტიური მიდგომები მეტ-ნაკლებად იცის. ახლა მისი განცხადება შეიძლება გავიგოთ, როგორც „გლობალური ომის პარტიის“ განცხადება, მოდით, საქართველოში ეს განცხადება გავუშვათ, იქნებ მორიგ ჯერზე მუქარამ გაამართლოსო“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა: „გვქონდა მსჯელობა გამჭვირვალობის კანონის გარშემო, ზოგიერთმა ქვეყანამ მიიჩნია, რომ ეს არც ისე მნიშვნელოვანია, სხვებმა სწორად მიიჩნიეს, რომ კანონი ევროკავშირის ნორმებს ეწინააღმდეგება“. აღნიშნულ განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე კი ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა: „უცხოური აგენტების“ კანონი არ უწყობს ხელს საქართველოს ევროპულ გზას, თუმცა უნდა ვიყოთ ფრთხილად, არ დავაზიანოთ ეროვნული გრძნობები, გამოვიყენოთ „რბილი ენა“, ამავდროულად, გვქონდეს მკაფიო პოზიცია“.