გურამ მაჭარაშვილი - ბიუჯეტში მობილიზებულია თანხები, რათა სხვადასხვა მიმართულებით გამოწვევების დაძლევა მოხდეს
ბიუჯეტში არის თანხები მობილიზებული, რათა გამოწვევების დაძლევა მოხდეს, ეს ეხება პანდემიას თუ სხვა მიმართულებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ არ იგეგმება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალოს. მაჭარაშვილი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა არც ევროკავშირის მხრიდან იგეგმება.
„ქვეყანა სესხს აიღებს იმის მიხედვით, როგორც სჭირდება. სესხი არ არის გრანტი, მას გადახდა სჭირდება. მინდა, ოპოზიცია დავამშვიდო, რომ „ქართული ოცნების“ მიერ არ იგეგმება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ქვეყანამ საგარეო კურსი შეიცვალოს ან იმის საწინააღმდეგო ნაბიჯები გადაიდგას, ვიდრე საქართველოს მოსახლეობას აქვს. არც ევროკავშირის მხრიდან არ იგეგმება საქართველოს წინააღმდეგ ნაბიჯების გადადგმა. გასაგებია, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციას სიხარული აქვს, თუ ოდნავ კრიტიკას გაიგებენ საქართველოს მიმართ და არა „ქართული ოცნების“ მიმართ. საზოგადოება ხედავს, როგორ უჭერს მხარს „ქართული ოცნება“ საქართველოს განვითარებას ევროატლანტიკურ სივრცეში და რას აკეთებს ოპოზიცია – დადის ევროკავშირში და ხან ვიზალიბერალიზაციაზე ამბობდნენ, რომ არ მისცეთო, ხან ამბობენ ნატო-ში გასაწევრიანებლად მზად არ ვართო და ასე შემდეგ. ფაქტი ერთია, რომ ვიდრე ოპოზიციაში არ ჩამოყალიბდებიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ჯანსაღად გაგვაკრიტიკებენ, მანამდე იქნება დეზინფორმაციები, მაგრამ საქართველოს ევროკავშირისკენ სვლის პროცესს ვერაფერი შეაჩერებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს დაიწყეს საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.