გურამ მაჭარაშვილი - ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეა და ბუნებრივია, რომ კონსულტაციები მასთანაც გვაქვს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარეა და ბუნებრივია, რომ პარტიაში შეკრების დროს, კონსულტაციები მასთანაც იმართება.
გურამ მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორ ფრენსის ფუკუიამას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც „საქართველომ დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, საქმეს საკმაოდ კარგად გაართვა თავი, მაგრამ წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი. „რეალურად საკითხი ისე დგას, რომ ძალაუფლება იმ ადამიანის ხელშია, რომელიც ოფიციალურად არჩეული არ არის, ანუ ვისაც ოფიციალური პოლიტიკური არჩევითი პოზიცია არ უკავია. სწორედ ამ მხრივ არის საჭირო, რომ არსებობდეს გამჭვირვალე მმართველობა.ზუსტად უნდა იყოს ცნობილი, რეალურად ვინ არის მთავარი მოქმედი პირი“.
გურამ მაჭარაშვილის განცხადებით კი, ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
,,დღეს მმართველი პარტია, რომელსაც საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ხმა მისცა, არის ,,ქართული ოცნება’’ და მისი თავმჯდომარეა ბიძინა ივანიშვილი. აბსოლუტურად ყველას გააზრებული ჰქონდა, რომ როდესაც ,,ქართულ ოცნებას’’ აძლევდა ხმას ამომრჩეველი, ის, რა თქმა უნდა, ხმას აძლევდა ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ, ყველას ვურჩევდი, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე სხვა ტიპის განცხადებისაგან თავი შეიკავოს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე და ბუნებრივია, პარტიაში შეკრების დროს, მასთანაც გვაქვს ხოლმე კონსულტაციები. ამ კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს. საერთაშორისო ექსპერტებს ჰკითხეთ და ისინიც ამას დაგიდასტურებენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.