გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის ელჩისთვის ჩინეთი თუ „კომუნისტურია“, რატომ ჩადის მისი ქვეყნის ლიდერი პეკინში და ცდილობს ურთიერთობის დამყარებას, ეს არის ორმაგი მიდგომა, რაც არავის გამოუვა
აშშ-ის ელჩისთვის ჩინეთი თუ „კომუნისტური“ და მიუღებელია, რატომ ჩადის მისი ქვეყნის მეთაური პეკინში და ცდილობს ურთიერთობის დამყარებას? ეს არის ორმაგი მიდგომა, რაც არავის გამოუვა, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისი თქმით, ჩინეთის ლიდერი ევროპაში ჩადის, მას გერმანიის და საფრანგეთის პირველი პირები ემეგობრებიან, შვეიცარიას კი სავაჭრო შეთანხმება აქვს, რასაც შეერთებული შტატებიც ცდილობს.
„ამერიკის ელჩთან კითხვა მექნება, ხომ ერთსა და იმავე სახელმწიფოზე ვსაუბრობთ, ჩინეთზე, სადაც ამერიკის პრეზიდენტი ჩადის და ერთმანეთს მეგობრობას უმტკიცებენ? ეს ის ჩინეთია, რომლის სახელმწიფოს მეთაური ევროპაში ჩადის, მას შოლცი და მაკრონი ემეგობრებიან, შვეიცარიას სავაჭრო შეთანხმება აქვს. ამას ამერიკაც ცდილობს, ხომ იმავე ჩინეთზე ვსაუბრობთ, თუ რამე გვეშლება? საქართველო მეორეხარისხოვანი სახელმწიფო არ არის. ამერიკის ელჩს მივმართავ, ცოტა სერიოზულად აღიქვას საქართველოს საზოგადოება. თუ ელჩისთვის ჩინეთი „კომუნისტური“ და მიუღებელია, მისი ქვეყნის მეთაური რატომ ჩადის ჩინეთში და ცდილობს ურთიერთობის დამყარებას? ეს არის ორმაგი მიდგომა, რაც არავის გამოუვა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „კომპანია CCCC-ის უმეტესი ნაწილის მფლობელი, რომელთანაც საქართველოს მთავრობამ კონტრაქტი დადო, ჩინეთის კომუნისტური პარტიაა. ჩინეთის კომუნისტური პარტია დღეს რუსეთის არმიის ნომერ პირველი ფინანსისტია. რატომ უნდა გააღრმაო ეკონომიკური კავშირი იმ პარტიასთან, რომელიც აფინანსებს თქვენს ოკუპანტს?“