გურამ მაჭარაშვილი - აშშ-ის ელჩის ლოგიკაც შეცვლილია, ჩვენთვის ომი 2008 წელს არ იყო? თუ ეს ომი არ იყო და ახლა არის უკრაინისთვის ომი? ორმაგი სტანდარტები არ უნდა საზოგადოებას
ფრენებთან დაკავშირებით არ დავიღლები და ყოველთვის პასუხს გავცემ პატიმარ სააკაშვილის სიტყვებით, თავის დროზე რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უთხრა: „აუცილებელია, ჩამოხვიდეთ, დატკბეთ ჩვენთან საქართველოში ჩვენი ბუნებით, მინერალური წყლებით, ჩვენი სტუმართმოყვარეობითო და ა.შ.“ ეს ის პერიოდია, როდესაც უკვე, სამწუხაროდ, ოკუპირებულიც არის ჩვენი ქვეყნის 20% და 2008 წლის ომიც მომხდარია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, რუსეთთან დაკავშირებით ასევე შეცვლილია აშშ-ის ელჩის ლოგიკაც.
„შეცვლილია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ლოგიკაც. დღეს რომ ამბობს, უკრაინაში ომი მიდის და ამიტომ თურმე არ უნდა მიეღო რუსეთს ეს გადაწყვეტილება. ჩვენთვის ომი 2008 წელს არ იყო, ოკუპაცია არ იყო და მშვიდობიანი მოსახლეობა მაშინ არ დაიღუპა? თუ ჩვენთვის ეს ომი არ იყო და ახლა არის უკრაინისთვის ომი? ორმაგი სტანდარტები არ უნდა ზუსტად ქართულ საზოგადოებას. ეს ორმაგი სტანდარტები ქართული საზოგადოებისთვის მიუღებელია, ეს იქნება ელჩი თუ ნებისმიერი პოლიტიკოსი, ამას ქართული საზოგადოება ვერასდროს ვერ მიიღებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ამასთან, გურამ მაჭარაშვილმა უპასუხა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
„ელენე ხოშტარიას გაკეთებული განცხადებები არასდროს მართლდება, ამიტომ აქვს ის რეიტინგი, რაც აქვს. საერთაშორისო ინსტიტუტები, მსოფლიო ბანკი, „იბიარდი“, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი აღიარებენ, რომ საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მკაცრად იცავენ საერთაშორისო სანქციებს. ამ დროს გამოდის ხოშტარია და ამბობს, რომ საქართველო შავი ხვრელია. მეორე დღეს გამოდის საფინანსო ინსტიტუტი და ამას უარყოფს. თავის ილუზიებშია ეს ადამიანი. გზა-კვალი კარგად იცის რუსეთში, ბილეთით ჩავიდეს და იქ არკვიოს მერე, „აზიმუტი“ დასანქცირებულია თუ არ არის დასანაცირებული. მაგათი ენა, წესები და გზა-კვალი კარგად იცის, ამიტომ ჩავიდეს და იქ გაარკვიოს, რა არის დასანქცირებული და რა – არა“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.