გურამ მაჭარაშვილი - არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, როდის დატოვებს მელია „ნაცმოძრაობას“, ეს ხალხი სადაც არ უნდა წავიდეს, მაინც რჩებიან რადიკალურ პროცესში, ესაა მათი ანატომია
მელია როდის დატოვებს „ნაცმოძრაობას“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხალხი სადაც არ უნდა წავიდეს და წამოვიდეს, საბოლოო ჯამში, მაინც რჩებიან რადიკალურ პროცესში, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“, ესაა მათი ანატომია, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მელია მართალს ამბობს, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, თუმცა როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, მელიასგან ამაზე საუბარი მისაღები არ არის.
„ერთი მხრივ, ნიკა მელია მართალს ამბობს, რომ არაფორმალური მმართველები არიან; მაგალითად, სააკაშვილი, კეზერაშვილი და მერაბიშვილი არაფორმალური მმართველები არიან, ასევე, გვარამიას აქვს ამბიცია. მაგრამ როგორ საუბრობს ამაზე მელია, როდესაც თვითონ, როცა ფორმალური თავმჯდომარე იყო, ჩადიოდა ასევე არაფორმალურ მმართველთან კიევში, სააკაშვილთან. სააკაშვილი თუ არ იყო არაფორმალური მმართველი მაშინ და მელია თავად წყვეტდა ყველაფერს, რატომ ჩადიოდა კიევში და საპარლამენტო სია სააკაშვილს რატომ შეადგენინა? ახლა მელია მართალს კი ამბობს, მაგრამ მართალი არ არის, რადგან ადრე რასაც ამბობდა, ყველაფერს საწინააღმდეგოდ აკეთებდა. ჩვენ ვნახეთ, რამდენ მიმართულებად არის უკვე გაყოფილი „ნაცმოძრაობა“; სააკაშვილს იქ ცალკე სამყარო აქვს შექმნილი, კეზერაშვილთან ჩადიან მისი წარმომადგენლები და ფორმალური მმართველი. ამას ხაბეიშვილი არც უარყოფს. ახლა გვარამია ელოდება, დალოდების საათები კი აქვს დილიდან დღის ბოლომდე და ელოდება, რა თანამდებობას შესთავაზებენ. ამ დროს ვაშაძე იძახის, რატომ დამიბარეთ, თუ ჩემი არაფერი გაინტერესებდათო, ლიდერად რომ აღიარეს, დარჩა ისე თამაშგარედ. კი ამბობს მართალს მელია, მაგრამ მელიასგან არ არის ეს მისაღები, რადგან თვითონაც ამ აურზაურის მონაწილეა. მელია როდის დატოვებს „ნაცმოძრაობას“, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ხალხი სადაც არ უნდა წავიდეს და წამოვიდეს, საბოლოო ჯამში, მაინც რჩებიან რადიკალურ პროცესში, რასაც ჰქვია „ნაცმოძრაობა“. ესაა მათი ანატომია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში დაწერა: „არ და ვერ ვიქნები იქ, სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.