გურამ მაჭარაშვილი - არავითარი სხვაობა, „ლელოს“ მივუმატოთ გახარია, გავყოთ ხაბეიშვილზე, უდრის 5 ნომერს
„ნაცმოძრაობას“, „ლელოს,“ გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს ერთი დირიჟორი ჰყავთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, „ნაციონალურ მოძრაობას“ მისმა ლობისტებმა მიამაგრეს ამერიკელი პიარკონსულტანტი ჯერემი როზნერი, რომელმაც პარტიას ურჩია, დეკლარაციების თემით მსოფლიო ბანკის კვლევა გადაეფარათ.
მაჭარაშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიციის ძირითადი სათავო ოფისი „ნაცმოძრაობაა“, რომელშიც „ლელო“ და გახარია შედიან, უცხოეთში კი მათი დირიჟორი ერთია.
„ოპოზიცია რომ განადგურებულია, ამას თავად ოპოზიციაში აღიარებენ. როზნერი „ნაცმოძრაობის“ ლობისტი იყო და არის, თუმცა ახლა მათმა უცხოელმა პარტნიორებმა ის „ლელოს“ გამოუგზავნეს და კიდევ გამოუგზავნიან „ნაცმოძრაობა 2“-ის პარტიებს, რომლებიც ცდილობენ ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს „ნაცმოძრაობა“ არ არიან. ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ ერთი დირიჟორი ჰყავს „ნაცმოძრაობას“, „ლელოს,“ გახარიას და „ნაცმოძრაობის“ ნებისმიერ ანასხლეტს. ეს ერთ-ერთი მორიგი საჯარო მტკიცებულებაა, მათი დღის წესრიგი ერთმანეთის ინტერესებში ჯდება. მათი მიზანია ქვეყანაში დესტაბილიზაცია, არეულობა, ომი და ქვეყნის ბუნდოვანი მომავალი, რომელსაც არ დავუშვებთ, თუმცა პიარკამპანიის „ლელოზე“ მიმაგრება, „ნაცმოძრაობა 2“-ის არსებობაზე მიუთითებს. რადიკალურ ოპოზიციას ერთი პატრონი ჰყავს, ძირითადი სათავო ოფისი „ნაცმოძრაობა“ არის, რომელშიც „ლელო“ და გახარია შედიან, უცხოეთში კი მათი დირიჟორი ერთია. რა თქმა უნდა, ის პიარკამპანიას ისე დაალაგებს, რომ ერთი საერთო მიზანი ჰქონდეთ, რაც ქვეყანაში არეულობაა. არავითარი სხვაობა – „ლელოს“ მივუმატოთ გახარია და გავყოთ ხაბეიშვილზე, უდრის 5 ნომერს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მთავრობის ადმინისტრაციამ მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებზე ინფორმაცია გაავრცელა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა.