გურამ მაჭარაშვილი - არახამიაზე დროის დაკარგვა არ ღირს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ მასთან დაკავშირებითაც იყოს გარკვეული ლობისტური საქმიანობა
არახამიაზე დროის დაკარგვა არ ღირს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, რომ არახამიასთან დაკავშირებითაც იყოს გარკვეული ლობისტური საქმიანობა და ის ამ ნაწილის შემადგენელია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არახამიაც „გლობალური „ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილია“.
„ვინ არის არახამია, რომ ამ ყველაფრის მონაწილე არ იყოს? პროკურატურისა და პრეზიდენტისადმი მისი მიმართვები უინტერესოა, მაგრამ საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს რომ ავრცელებს, ამავე დროს, ხან პირდაპირ და ხან ირიბად საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვს, ნიშნავს, რომ ისიც ამ გლობალური „ომის პარტიის“ შემადგენელი ნაწილია. მან თქვა, რომ აფხაზეთიდან არის. თუ მას აფხაზეთზე გული შესტკივა, ქართველებს არ უნდა მოუწოდოს, რომ აფხაზეთში აფხაზების წინააღმდეგ იარაღით შევიდნენ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ გუშინ განაცხადა: „საქართველოს პრეზიდენტს აქვს სურვილი, იყოს აღიარებული მოთამაშე დასავლეთში. მან შეიწყალა ნიკა გვარამია, ახლა საჭიროა სააკაშვილის შეწყალება“. არახამიამ ასევე აღნიშნა: „მივმართავ უკრაინის გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე“.