გურამ მაჭარაშვილი - არ შეიძლება, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე, ვისაც დემოკრატიაზე აქვს ამბიცია, ყველგან, მათ შორის ევროკავშირში, უნდა დაიმახსოვრონ, რომ აღქმების სამყარო აღარ არის
გურამ მაჭარაშვილი - არ შეიძლება, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე, ვისაც დემოკრატიაზე აქვს ამბიცია, ყველგან, მათ შორის ევროკავშირში, უნდა დაიმახსოვრონ, რომ აღქმების სამყარო აღარ არის

არ შეიძლება, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე, ვისაც დემოკრატიაზე აქვს ამბიცია. ერთი რამ უნდა დაიმახსოვრონ ყველგან, მათ შორის ევროკავშირში, რომ აღქმების სამყარო აღარ არის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილი გამოეხმაურა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებისას ზოგიერთი ევროპარლამენტარის განცხადებას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე პროგრესის მისაღწევად აუცილებელია, საქართველომ „უცხოური გავლენისა“ და „ოჯახური ღირებულებების“ კანონები გააუქმოს.

„ევროპარლამენტი იმისთვის არსებობს, რომ კანდიდატი ქვეყნების ან წევრი ქვეყნების პარლამენტის გადაწყვეტილებებს გადახედოს და გააუქმოს? ევროპარლამენტი რეზოლუციით რომ მოგვიწოდებს, აუცილებლად უნდა მიიღო ან არ მიიღო ეს კანონიო, რა გამოდის? საბჭოთა კავშირში რომ იყო კრემლის გადაწყვეტილება, ახლა არის ბრიუსელის გადაწყვეტილება? განსხვავება რა არის მაშინ ამაში? თან ევროპარლამენტში დაინახეს, რომ მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“ და იმ კანონებს, რომლებიც მივიღეთ. გამჭვირვალობის და ლგბტ კანონები მიღებული იყო, როცა არჩევნებში გავიმარჯვეთ, მილიონ 120 ათასმა ადამიანმა ამ ორივე კანონს მისცა ხმა და როგორ შეიძლება, ევროპული ღირებულებების მატარებელი ევროპარლამენტარი იყო, მაშინ როდესაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ნებას ეწინააღმდეგები? ვინმემ თქვას, სად არის აქ ლოგიკა და ღირებულება? მით უმეტეს, ამერიკის საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ზუსტად ამას ემხრობა. ჩვენი „ძვირფასი“ ოპოზიცია რასაც ამბობდა, რომ ცალ ფეხზე უნდა ვიდგეთ და რასაც გვეტყვიან, ყველაფერი გავაკეთოთ, ზუსტად ეს არის ამ რეზოლუციაში. ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლების აზრით, ჩვენ, რეალურად, სუვერენიტეტი ბრიუსელს უნდა გადავცეთ. რასაც იტყვიან, ის კანონები უნდა მივიღოთ და რასაც არ იტყვიან, ის კანონები არ უნდა მივიღოთ. ნურას უკაცრავად, საქართველო არის დამოუკიდებელი ქვეყანა.

ვერავითარი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რატომ უნდა დავაკანონოთ კაცების გათხოვება. კარგი იქნება, ამ კითხვაზე პასუხი მქონდეს, რატომ უშლის ხელს ევროინტეგრაციას ქვეყანაში კაცების გათხოვების არდაკანონება? ანუ ბევრი გათხოვილი კაცი თუ არ გვყავდა, ევროკავშირში არ მიგვიღებენ ? ამას გვეუბნებიან პირდაპირ რეზოლუციით, რომ საქართველოში კაცების გათხოვებას თუ არ დააკანონებთ და ბევრი გათხოვილი კაცი არ გეყოლებათ, ევროკავშირში არ მიგიღებთო. არ არის, ბატონებო, ასე. ევროპული ღირებულება არ არის კაცების გათხოვების დაკანონება, ევროპული ღირებულება არის ოჯახი და ტრადიციები. ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც აღარ აქვს და გაუფასურებულია. არ შეძლება, ევროპულ ღირებულებად შემასაღო კაცების გათხოვება და მეუბნები, კაცების გათხოვების საწინააღმდეგო კანონი გააუქმე, თორემ ევროკავშირში ისე არ მიგიღებო? ამას ქართველი ხალხი არასოდეს მიიღებს. ვინც ამას ითხოვს, ის დღეს ევროკავშირს არ წარმოადგენს.

აქამდე ორმაგი სტანდარტები, ბულინგი და ალოგიკურობა იყო. მათ შორის, გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებითაც აბსოლუტურად უარგუმენტოდ ითხოვდნენ, არ მიგვეღო და ახლა ითხოვენ, გავაუქმოთ. ამასთან დაკავშირებით არანაირი არგუმენტი არ არსებობს. არ შეიძლება, გამჭვირვალობის წინააღმდეგ გამოვიდეს ვინმე, ვისაც დემოკრატიაზე აქვს ამბიცია. ერთი რამ უნდა დაიმახსოვრონ, მათ შორის ევროკავშირში და ყველგან, რომ მსოფლიო შეიცვალა და აღქმების სამყარო აღარ არის. დღეს არის რეალური პოლიტიკის სამყარო, ამას ყველა შეეგუოს. ქართველმა ხალხმა თქვა: არ მინდა აღქმები, მე მინდა რეალობა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, ბევრმა ევროპარლამენტარმა დებატების ფარგლებში საქართველოს საკითხზე ობიექტური განცხადებები გააკეთა.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ველოდებოდით სრულიად ევროპარლამენტარების პოზიტიურ გადაწყვეტილებას, გამომდინარე იქიდან, რომ  არჩევნებამდე მიღებული რეზოლუციაც ვნახეთ, სადაც უსამართლობის მთელი კასკადი იყო. ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ მიმართული წინადადებაც კი იყო სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი ითხოვდა, ხელისუფლებას გამოეშვა სააკაშვილი, დაესანქცირებინა ბიძინა ივანიშვილი და ახლა ჩაწერეს კულმინაცია, რომ უნდა გავაუქმოთ ის კანონი, რომლის მიღებაც ერთი ერთში დააანონსა ამერიკის საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა. უკაცრავად, მაგრამ ამ რეზოლუციის ასლი ხომ არ უნდათ, გადაუგზავნონ აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს და უთხრან, თქვენც ანტიევროპულ ნაბიჯებს დგამთ იმით, რომ ამერიკა აპირებს, მიიღოს ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი? აბა, გააგზავნონ იქ. ჩვენ პატარა ქვეყანა გვნახეს და დაჩაგვრა უნდათ, თუ როგორაა საქმე? ესაა სამართლიანი მიდგომა? ევროპული სტანდარტი? ამიტომაც ასეთი ტიპის გადაწყვეტილებებს არასოდეს არავითარი ფასი არ ექნება. სამწუხაროდ, თავად ამ ინსტიტუტმა, ევროპარლამენტმა დაუდო საფუძველი ამ უსამართლობას და ყველაფერი ქართველმა ხალხმა დაინახა. პირდაპირი გაგებით, პოლიტიკური პროცესების წარმართვის მცდელობაა. ეს ხალხი თავს აღიქვამს, როგორც მეფისნაცვალს, რომ ევროპარლამენტში რასაც იტყვიან, საქართველოში ისე უნდა გაკეთდეს. დებატების დროს გარკვეული ევროპარლამენტარების მხრიდან აბსოლუტური იგნორია, თითქოს საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის. საბედნიეროდ, არიან ისეთი ევროპარლამენტარები, რომლებიც ობიექტურად გამოვიდნენ. არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით მტკიცებულებები არ არის, ვერც იქნება და ამბობენ, რომ არჩევნები ნორმალურად ჩატარდა. ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი ობიექტურად გამოვიდა. გავიმეორებ, ერთ-ერთის გამოსვლას: „როდესაც მტკიცებულებები ვერ ნახეს და ქართველმა ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ქართულ ოცნებას“ დიდი უმრავლესობით დაუჭირა მხარი, „ქართულმა ოცნებამ“ ლიბერალურ ფაშიზმს ოცნებები დაუმსხვრია“. ეს მოხდა არჩევნებზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.