გურამ მაჭარაშვილი - არ შეიძლება არსებობდეს პოლიტპატიმარი, რომელსაც ციხიდან გამოსვლის საშუალება აქვს და არ გამოდის
არ შეიძლება არსებობდეს პოლიტპატიმარი, რომელსაც ციხიდან გამოსვლის საშუალება აქვს და არ გამოდის, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ამ საქმეზე საქართველოს პარტნიორებს კითხვები არ აქვთ.
„ჩვენმა უცხოელმა კოლეგებმა ნიკა მელიას საკითხი კარგად შეისწავლეს და დაინახეს, რომ თავად მელია და მისი ადვოკატები წყვეტენ, რომ ის ციხეში დარჩეს. არ შეიძლება არსებობდეს პოლიტპატიმარი, რომელსაც ციხიდან გამოსვლის საშუალება აქვს და არ გამოდის. მეტიც – ის თავის მომხრეებს მოუწოდებს, ისეთი ნაბიჯები არ გადადგან, რომელიც მას ციხიდან გამოიყვანს. ეს ამერიკაშიც და ევროპაშიც დაინახეს და ამ კონტექსტში მათი მხრიდან კითხვები არ ჩანს. როგორც ამერიკის წარმომადგენლებმა განაცხადეს, სასურველი არ არის, რომ პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე დაკავებულია, მაგრამ მან კანონი დაარღვიაო.
რაც შეეხება ამნისტიას, მოლაპარაკებები ამ საკითხის განხილვამდეც კი ვერ მივიდა, რადგან ოპოზიციონერებმა გარკვეული სახის ულტიმატუმი დააყენეს. ოპოზიციას პირველ ნოემბერს რა პრეტენზია და მოთხოვნაც ჰქონდა ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით, არაფერი შეცვალეს. ამ მოთხოვნას კი ყველანაირი არგუმენტი გამოეცალა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.