გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, საქართველოს პარლამენტი იყოს ის ინსტიტუცია, სადაც მეუფე იაკობმა კითხვებს უნდა გასცეს პასუხი
გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, საქართველოს პარლამენტი იყოს ის ინსტიტუცია, სადაც მეუფე იაკობმა კითხვებს უნდა გასცეს პასუხი

საკითხი სინოდმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უნდა განიხილოს, შემდეგ შეიძლება, საკითხზე კომენტარი გაკეთდეს, – ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა მეუფე იაკობის განცხადებებსა და „ევროპული საქართველოს“ მიერ მის პარლამენტში დაბარებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„არ იყო სასიამოვნო განცხადება მეუფე იაკობის მხრიდან, მაგრამ თუ მას აქვს რაიმე ტიპის კითხვები, ეს ალბათ სინოდისა და პატრიარქის გადასაწყვეტი საკითხია და არ მგონია, საქართველოს პარლამენტი იყოს ის ინსტიტუცია, სადაც ასეთი ტიპის კითხვებზე უნდა გაეცეს პასუხი“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას და დასახელებული პირების დაკითხვას, გურამ მაჭარაშვილს მიაჩნია, რომ ჯერ საეკლესიო კანონით უნდა მოხდეს საკითხზე მსჯელობა.

„როგორც პარლამენტთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერ სამართალდამცველ ორგანოსთან დაკავშირებით მექნება იგივე პასუხი. აღნიშნული საკითხი სინოდმა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უნდა განიხილოს, შემდეგ შეიძლება საკითხზე კომენტარი გაკეთდეს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა, რომ საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, პარტია მეუფე იაკობს პარლამენტში იბარებს.