გურამ მაჭარაშვილი - არ მგონია, ნიკა მელია ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, საიდანაც არ გადის, არანაირი დისკომფორტი არ გვექნება, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ნიკა მელია ბოლო დროს სიმართლეს ამბობს, როცა პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბრობს, თუმცა მისი მხრიდან ეს ღირსეული საქციელი არაა იმ პირობებში, როდესაც თავად დღემდე „ნაციონალურ მოძრაობაში“ რჩება.
მაჭარაშვილი ნიკა მელიას გუშინდელ ფეისბუქსტატუსს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არანაირი დისკომფორტი არ იქნება, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ნიკა მელია რეალობას საუბრობს, ამბობს, რომ „ნაცმოძრაობაში“ არაფორმალური მმართველობაა და თან რამდენიმე, მაინც არ მგონია, რომ ღირსეულად იქცეოდეს, რადგან იმ პარტიას ებრძვის, რომლის თავმჯდომარეც იყო, საიდანაც არ გადის და თან ამბობს, რომ მიუღებელია მისი იქ ყოფნა, სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან. ამ დროს პარტიას არ ტოვებს. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ ღირსება არ გაქვს. ეშინია, რომ პარტიის მფარველობა აღარ ექნება. რაც შეეხება პარლამენტის დატოვებას, არანაირი დისკომფორტი არ გვექნება, თუ რადიკალური ოპოზიცია პარლამენტში არ იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ სოციალურ ქსელში გუშინ დაწერა, რომ ოპოზიციას პარლამენტში უწევს ერთადერთი ფუნქციის შესრულება – პარლამენტის შელამაზება „ქართული ოცნებისთვის“. „მესმის ხელფასი, მანქანა, ბენზინი და სხვა პრივილეგიები, მაგრამ ეს ყველაფერი „ოცნების“ პარლამენტის გაკეთილშობილების მცდელობად არ ღირს“, – დაწერა ნიკა მელიამ.