გურამ მაჭარაშვილი - კანონის ფარგლებში აქციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალიან ცდება, თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ კანონს გადასცდება და არავინ არაფერს ეტყვის
კანონის ფარგლებში აქციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალიან ცდება, თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ კანონს გადასცდება და არავინ არაფერს ეტყვის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მაჭარაშვილი გამოეხმაურა „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, სადაც მან აღნიშნა: „აქციები და საერთო პროტესტი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ანტიეროვნული ქმედების წინააღმდეგ ერთად ბრძოლაა საჭირო. ვიწყებთ კონსულტაციებს ყველასთან, ვისთვისაც ქვეყნის დასავლური მომავალი მნიშვნელოვანია“.
გურამ მაჭარაშვილის თქმით, საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა და კანონის დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება იქნება.
„რადიკალური ოპოზიციის სისუსტე არახალია, ისინი ერთმანეთს ვერ ენდობიან და საკუთარ კაბინეტებში იკეტებიან. თავად აღიარებენ, რომ პარლამენტში „ნაცმოძრაობა“ შევედით და გავნახევრდით, ვის უნდა ვენდოთო. ეს ეხება „ლელოსაც“. ოთხნი შემოვიდნენ, ორნი დარჩნენ. მათი სისუსტე გასაგებია, მაგრამ მთავარია მათი უცხოელი პატრონების მიზნები. მათაც კარგად იციან, რომ ოპოზიცია სუსტია. კანონის ფარგლებში აქციები დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ თუ ვინმეს ილუზია აქვს, რომ კანონს გადასცდება და არავინ არაფერს ეტყვის, ძალიან ცდება. საქართველო სამართლებრივი სახელმწიფოა და შესაბამისი რეაგირება იქნება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.