ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი ჩვენი ჭკუის დარიგებით, შიდა პოლიტიკაში ჩარევით იყვნენ დაკავებული, აღმოჩნდა, რომ თავიანთი ქვეყნების საზოგადოების ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, ევროპარლამენტის არჩევნებზე ევროპულმა საზოგადოებამ უარი უთხრა ფსევდოლიბერალიზმს და აირჩია სისტემა, სადაც გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეობს.
„Ევროპარლამენტის არჩევნების შედეგებს შეგვიძლია ვუწოდოთ ევროპელი ხალხის ძალა ევროპაში. ევროპულმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ როგორც არ უნდა დაკომპლექტდეს ევროპარლამენტი და ევროკავშირის სტრუქტურები, ფაქტია, რომ ევროპულმა საზოგადოებამ 10 ივნისს სულ სხვა ევროპაში გაიღვიძა. მან უარი უთხრა ფსევდოლიბერალიზმს და აირჩია სისტემა, სადაც გადაწყვეტილებები ეროვნული ინტერესებიდან და არა სხვა ქვეყნის ან თუნდაც გაერთიანების ინტერესებიდან გამომდინარეობს. ფსევდოლიბერალიზმმა მარცხი განიცადა, რასაც ზოგი არ აღიარებს და მათ ვეტყვით, რომ ფსევდოლიბერალიზმი რომ არ დამარცხებულიყო, ევროპის წამყვან ქვეყნებში ასეთი ცვლილებები არ მოხდებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი ვადამდელ არჩევნებს არ დანიშნავდა, ბელგიის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან არ გადადგებოდა, გერმანიის კანცლერის პარტია მესამე ადგილზე არ გავიდოდა და ევროპის წამყვან ქვეყნებში, იტალიაში, ავსტრიაში, ესპანეთში მემარჯვენე პარტიები არ გაიმარჯვებდნენ.
საინტერესოა, ათეულობით მილიონ ევროპელს, რომლებით არ დაეთანხმნენ საფრანგეთის, გერმანიის, ბელგიის ხელისუფლებებს, რადიკალი ოპოზიციონერები პუტინისტურ ამომრჩევლად თუ მოიხსენებენ. ალბათ ვერა, რადგან მათმა ერთ-ერთმა პატრონმა, ვიოლა ფონ კრამონმა აღიარა შეცდომა და თქვა, მე რომ ჩემი ქვეყნის პრობლემებით დავკავებულიყავი და სხვა ქვეყნის საქმეებში არ ჩავრეულიყავი, დღეს ევროპარლამენტარი ვიქნებოდიო. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, თურმე მხოლოდ პუტინი არ ყოფილა პრობლემა, აშშ და თავისი ქვეყნის დაზვერვა დაადანაშაულა უცხო ქვეყნების გავლენების გაზრდაში. ანუ, ჩვენ რისთვისაც გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ და რასაც თვითონ გვიწუნებდა (უცხო ქვეყნების გავლენების შემცირება), ზუსტად ის ფაქტი დაასახელა თავისი არჩევნების წაგების მიზეზად.
მოდით, მოკლედ განვიხილოთ, რატომ დამარცხდა ფსენდოლიბერალიზმი. საფრაგეთის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა, რომ საფრანგეთს სჭირდება გამჭვირვალობა, უსაფრთხოება, ამიტომ მივიღე ეს კანონი და თქვენ ეს ყველაფერი არ გჭირდებათ და გააუქმეთო. ამის თქმა იყო და რამდენიმე საათში ფრანგი ხალხის გადაწყვეტილებით უკმაყოფილო საფრანგეთის პრეზიდენტმა ვადამდელი არჩევნები დანიშნა. სამწუხაროდ, გერმანიის კანცლერიც ხშირად იცლიდა საქართველოს უარგუმენტო კრიტიკისთვის და მასაც თავისმა ხალხმა შეახსენა, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები უფრო მაღლა უნდა დაეყენებინა, ვიდრე სხვა ქვეყნის ან გაერთიანების. ამის გამო გერმანელმა ხალხმა მისი პარტია მესამე ადგილზე გადაიყვანა. ზოგიერთ ევროპარლამენტარს ეგონა, თავისი ქვეყნის ამომრჩეველმა ევროპარლამენტში იმისთვის აირჩია, რომ ევროპის უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტის გაძლიერებაზე ფიქრის ნაცვლად, ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის პლაკატებიანი აქციები უნდა ეტარებინა, საქართველოს ოპოზიციის სასარგებლო და საქართველოს სახელმწიფოს საწინააღმდეგო განცხადებები ეკეთებინა (ცხადია, ეს ყველაფერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით). ანა ფოტიგა და ვიოლა ფონ კრამონი ჩვენი ჭკუის დარიგებით, შიდა პოლიტიკაში ჩარევით იყვნენ დაკავებული, აღმოჩნდა, რომ თავიანთი ქვეყნების საზოგადოების ლეგიტიმაციაც არ ჰქონიათ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ამასთან, როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, „დარწმუნებულია, მომავალშიც ქართულ და ევროპულ ღირებულებებს ქართველი და ევროპელი ხალხის ძალა დაიცავს“.
„ფსევდოლიბერალიზმმა ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუციებით, სადაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებიც კი უგულებელყვეს და სააკაშვილი – პოლიტპატიმრად, ხოლო კეზერაშვილი მედიამენეჯერად გამოაცხადეს, პრაქტიკულად ფასი დაუკარგეს ევროპარლამენტის ინსტიტუციის რეზოლუციებს. ევროპელმა ხალხმა დაინახა, რომ ევროპარლამენტი არ ითვალისწინებს სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეროვნული ქვეყნის მეთაურები უპირატესობას ანიჭებენ სხვა ქვეყნის ან ევროგაერთიანებების ინტერესებს. სწორედ იქ დაიწყო ფსევდოლიბერალიზმის მარცხი და იმატა მემარჯვენე პარტიების მხარდამჭერთა რიგებმა. ფსევდოლიბერალიზმის მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გახლდათ ამერიკის კონგრესში კონგრესმენების მიერ ჩატარებული სხდომა, სადაც ომს – ძლიერი დემოკრატია, ხოლო მშვიდობას დემოკრატიის სისუსტე უწოდეს. სადაც პირდაპირ აღიარეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არა ქართველი ხალხი არჩევნებით, არამედ ამერიკის კონგრესმენები ორი ქართველი მოწმის ჩვენებების საფუძველზე დააკომპლექტებდა. იმ ორ ქართველ მოწმეს ვასალური აზროვნება ევროპული ღირებულება რომ ჰგონია, გასაგებია, მაგრამ ამერიკის კოგრესმენები რომ რევოლუციისკენ მოუწოდებენ რადიკალ ოპოზიციონერებს, აქ იშიფრება ფსევდოლიბერალების მიზნები, ნებისმიერ ფასად, მათ შორის, პრემიერების მკვლელობის მცდელობებით და ფერადი თუ შავ-თეთრი რევოლუციებით სხვა ქვეყნებში ომის ხარჯზე შეინარჩუნონ ძალაუფლება, ეკონომიკური აქტივები. სწორედ ამ ვასალურ აზროვნებას არ დაეთანხმა, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ევროპელი საზოგადოება. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ქართულ და ევროპულ ღირებულებებს დაიცავს ქართველი და ევროპელი ხალხის ძალა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.