გურამ მაჭარაშვილი - ამნისტიასთან დაკავშირებით შეთანხმების რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს
საარჩევნო რეფორმაზე თანამშრომლობით დავამტკიცეთ, რომ თურმე, ჩვენი პარტნიორების შეწუხების გარეშე შეგვიძლია, შევჯერდეთ ისეთ პრინციპულ საკითხებზე, როგორიც საარჩევნო რეფორმაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან, ამავდროულად, ოპოზიციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები მეორე მოსმენასთან დაკავშირებით.
„პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე უკვე მივიღეთ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. რაც შეეხება მეორე მოსმენას, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას, სადაც არის თხოვნა, რომ დაჩქარებული ტემპებით გამოაგზავნონ დასკვნა, ვიდრე მეორე მოსმენა დაიწყება. პარალელურ რეჟიმში ოპოზიციასთან მიმდინარეობს კონსულტაციები მეორე მოსმენასთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, როგორც პირველი მოსმენის დროს, ასევე მეორე მოსმენისთვისაც შევძლებთ და შევჯერდებით, დადგება პოზიტიური შედეგი და შევიტანთ შესაბამის ცვლილებებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
რაც შეეხება ამნისტიის შესახებ კანონპროექტს, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად ახსნეს, რატომ არის საჭირო სამართლიანი სახელმწიფოსთვის ამნისტიის კანონპროექტის მიიღება. მისივე თქმით, ამნისტიასთან დაკავშირებით შეთანხმების რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს.
„ამნისტიის საკითხს ფრთხილად და ყურადღებით ვუდგებით გამომდინარე იქიდან, რომ ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივაა. მათ კარგად ახსნეს, რატომ არის საჭირო სამართლიანი სახელმწიფოსთვის ამნისტიის კანონპროექტის მიიღება. მეტიც, განცხადებები დამატებით გამოაქვეყნეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებმა, კიდევ გაიმეორეს, რომ ეს საჭიროა, რათა მოხდეს დეესკალაცია, პოლიტიკური პროცესების ნორმალიზება, და ის, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული საკითხი უნდა გადაიფურცლოს, ემსახურება საქართველოს მიზნებს. ჩვენ მაინც იმედს ვიტოვებთ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ამ საკითხით სპეკულირებს, გააცნობიერებს, რა პასუხისმგებლობა აიღო მაშინ, როდესაც ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს.
სწორედ ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში იქნება კინსულტაციები. შეთანხმების რესურსი არსებობს, თუ ოპოზიცია სპეკულაციურ მიდგომებს თავს დაანებებს და მათი მიზანიც ის იქნება, რაც ჩვენი მიზანია, რომ შესრულდეს შარლ მიშელის დოკუმენტი ისე, როგორც წერია. ჩვენ მოვიაზრებთ იმასაც, რომ ორი კანონპროექტის მიუხედავად, შეიძლება, ერთ კანონპროექტთან დაკავშირებით შევჯერდეთ, მაგრამ ამისთვის აუცილებელია, გავითვალისწინოთ ის პასუხისმგებლობა, რაც დოკუმენტზე ხელმოწერით ყველამ ერთად ავიღეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.