გურამ მაჭარაშვილი - ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა თუ სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად
ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა თუ სურს, ეს რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები, ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც „პოლიტიკომ“ მოიპოვა. როგორც „პოლიტიკო“ წერს, კანონპროექტის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.
„30 წლის განმავლობაში ასეთი წინადადების შემოთავაზება ნებისმიერ დროს შეეძლოთ, საქართველო ამის ღირსი აქამდეც ნამდვილად იყო. ვიცით, რომ ერთი კონგრესმენის გადაწყვეტილებით ასეთი საკითხები სერიოზულად არ დგება. შესაბამისად, არ ვიცით, ამერიკის ხელისუფლების მხრიდან საქართველოსთვის რამდენად სერიოზულად არის ეს შეთავაზებული. ამერიკას საქართველოსთან პარტნიორობა, მეგობრობა თუ ნამდვილად სურს, ამაში ჩვენ ღია ვართ, ოღონდ ის ვირტუალური რეალობა, რასაც, სამწუხაროდ, ამერიკიდან ზოგიერთი წარმომადგენელი მთელ მსოფლიოს უსახავს, რეალურად უნდა იყოს ნაჩვენები – ქართული კანონი არ უნდა მოინათლოს რუსულად, ქართულ საზოგადოებას არ უნდა უთხრან, რომ ურწმუნოება სჯობს რწმენას, ასევე საზოგადოება შეცდომაში არ უნდა შეიყვანონ, რომ ლგბტ პროპაგანდა თანამედროვეობაა და ტრადიციებზე უარი უნდა თქვან. როგორც კი ამერიკის მხრიდან, ვირტუალური რეალობის ნაცვლად, იქნება რეალობის დანახვის შესაძლებლობები, მზად ვართ, ეს საკითხები ამერიკასთან განვიხილოთ. პირიქით, დაახლოებით ორი თვის წინ ვსაუბრობდით, რომ 30 წელია, ამერიკასთან პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და არც ვიზალიბერალიზაციის, არც სავაჭრო და არც თავისუფალი ფრენების მიმართულებით არაფერი ხდება. პარტნიორობასა და ამ საკითხების განხილვაზე თანახმა ვართ, მაგრამ არა – სუვერენიტეტის, სარწმუნოების ხარჯზე“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილი.