გურამ მაჭარაშვილი - ამ ეტაპზე არანაირი მოცემულობა არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების, თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, არც 2024 წელს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა
ოპოზიციურ პარტიებს იმედი ნუ ექნებათ, რომ რიგგარეშე ან მორიგ არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვებენ, რომ დესტრუქციულად იქცეოდნენ და საერთაშორისო პარტნიორებთან ცრუ ინფორმაციებს ავრცელებდნენ.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე არანაირი პოლიტიკური მოცემულობა არც თვითმმართველობის არჩევნებამდე და არც არჩევნების შემდგომ არ არსებობს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ 2024 წელი შორს არ არის და თუ ოპოზიცია ასე გააგრძელებს, არც 2024 წელს ექნება საზოგადოების მხარდაჭერა.
„თვითმმართველობის არჩევნები ორ თვეშია და გაერთიანდნენ, წარადგინონ თავიანთი პლატფორმა, მიზნები და თუ აქვთ იმედი, რომ მხარდაჭერა ექნებათ, თვითმმართველობის არჩევნებშიც გაიმარჯვებენ, მაგრამ მათ არავითარი იმედი რომ რომელიმე არჩევნებში გაიმარჯვებენ, არ აქვთ და ამიტომ უნდათ, რიგგარეშე არჩევნების წინა პერიოდში ან ნებისმიერი საარჩევნო კამპანიის დროს სურათი დახატონ, რომ რაღაც უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს უკვე გავლილი სცენარია, ამას საზოგადოება და „ქართული ოცნება“ არ დაუშვებენ.
საზოგადოების მხრიდან ოპოზიციას არ აქვს მხარდაჭერა. როცა ოპოზიციაში ხარ, კარგი საშუალება გაქვს ჯანსაღად გააკრიტიკო ხელისუფლება, მაგრამ ესენი ამ საშუალებას არ იყენებენ. პირიქით, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა რა ღირებულებებითაც ცხოვრობს, იმ ღირებულებებს აგინებენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ზოგი პოლიტიკოსი პირდაპირ აგინებს ამომრჩეველს და რატომ ჰგონიათ, რომ ქართული საზოგადოება მენტალურად ჩამორჩენილია, ვერ ვხვდები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.