გურამ მაჭარაშვილი - ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ სპეკულაციები თუ მაინც იქნება, გამოვა, რომ ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს
გურამ მაჭარაშვილი - ალტერნატიული კანონპროექტის დაინიცირების შემდეგ სპეკულაციები თუ მაინც იქნება, გამოვა, რომ ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის ალტერნატიულ ვარიანტს დააინიცირებენ, აღარ იარსებებს სპეკულაციები, რომ კანონპროექტი ამერიკული არ არის.

მისივე თქმით, სპეკულაციები თუ მაინც გაგრძელდება, მაშინ გამოვა, რომ ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს.

„ჩვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტით დარეგულირდება ფინანსური გამჭვირვალობა და უზრუნველყოფილი იქნება მხოლოდ აიპების და მედიასაშუალებების ფინანსური პროცესები. სხვა არანაირ შეზღუდვაზე და არანაირ გაუქმებაზე საუბარი არ არის. მე-2 მუხლში პირდაპირ წერია, რომ ეს კანონი არანაირ შეზღუდვას არ აწესებს. მეორე დღიდანვე დაიწყო ზოგიერთ მედიასაშუალებაში და რადიკალურ ოპოზიციაში განცხადებების გაკეთება, თითქოს ჩვენი კანონპროექტი რუსულთან კავშირში იყო, მაშინ როდესაც საერთოდ არ ვიცნობდით რუსულ კანონმდებლობას. რაც შეეხება ამერიკულ კანონს, იქ გაუქმებაზე და შეზღუდვაზე საუბარი არ არის, თუმცა არის ძალიან ფართო წრე იმ ფიზიკური თუ იურიდიული პირების, რომლებიც უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური გავლენის რეესტრში. ჩვენ კანონპროექტი შევარბილეთ და ამ სახით წარვადგინეთ. ვინაიდან ამ კანონპროექტმა მაინც გამოიწვია სპეკულაციები, ამერიკიდანაც მივიღეთ შეტყობინება, თურმე კანონპროექტი არ ყოფილა ამერიკული კანონმდებლობის ბაზაზე, გადავწყვიტეთ და დავაინიცირებთ ზუსტად, ერთი ერთში იმ კანონს, რაც დღეს მოქმედებს შეერთებულ შტატებში და რაზეც თავად ბრიუსელში ითქვა ევროპის სახალხო პარტიის მიერ, რომ ისინიც ერთი ერთში აპირებენ ამერიკის კანონის „გადმოკატავებას“ ევროპარლამენტში. იმედია, ამის მერე მაინც აღარ იქნება სპეკულაციები, რომ მეორე ალტერნატიული კანონპროექტი ამერიკული არ არის. თუ სპეკულაციები მაინც იქნება, გამოვა, რომ ამერიკაშიც რუსული კანონი მოქმედებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი 14 თებერვალს პარლამენტში დააინიცირა. გუშინ „ხალხის ძალაში“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, ინიცირება გაუკეთონ ახალ კანონპროექტს „უცხოური აგენტის აქტის რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც ამერიკულის ანალოგია. როგორც „ხალხის ძალის“ წევრებმა განმარტეს, ალტერნატიული პროექტის ფონზე საზოგადოებასაც, ოპონენტებსაც მსჯელობის უფრო მეტი საშუალება ექნებათ და სპეკულაციისთვის სივრცე არ დარჩებათ.