გურამ მაჭარაშვილი - ახალი არ არის, რომ ნიკა მელიას ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ნაციონალურ მოძრაობაში“, ბევრ რამეში ის არ ეთანხმებოდა სააკაშვილის პოლიტიკას
ნიკა მელია იქნება თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, არ აქვს მნიშვნელობა, არც აქამდე არ წყვეტდა ის საკითხებს და ძირითადად უთანხმებდნენ პატიმარ სააკაშვილს, თუ გადადგება მითუმეტეს არ შეეკითხებიან, ეს არის მათი გადასაწყვეტი და სადარდებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, ახალი არ არის, რომ ნიკა მელიას ჰქონდა თავისი მოსაზრებები „ნაციონალურ მოძრაობაში“, ბევრ რამეში ის არ ეთანხმებოდა სააკაშვილის პოლიტიკას.
„ახლა საჯაროდ დააფიქსირა მან ეს პოზიცია. საზოგადოებაში უკვე ნათელი გახდა, რომ პატიმარი სააკაშვილი თავის ყოფილ პარტიას თუ ახლანდელ პარტიას, ეს თავად არკვიონ, იყენებს მხოლოდ იმისთვის, რომ თვითონ გათავისუფლდეს. „ნაციონალური მოძრაობის“ გარკვეულ ნაწილს სურს, რომ ის პოლიტიკურ დეგრადაციაში, რაშიც სააკაშვილი იმყოფება, არ ჩააყოლოს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩვენ რასაც ვსაუბრობდით, ისე მიდის პროცესები ქართულ ოპოზიციურ სპექტრში. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ პოლიტიკური ველიდან ნელ-ნელა გავა, მაგრამ აუცილებელია, ეს ველი აითვისონ სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა. ახლა ამას რამდენად შეძლებენ, ეს მათზე არის დამოკიდებული. რა გზასაც დაადგა „ნაციონალური მოძრაობა“ იმას იმკის ახლა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.