გურამ მაჭარაშვილი - აგრესია, შეურაცხყოფა არ გაჩერდება სამართლებრივი რეაგირების გარეშე, ევროპულ ღირებულებაზე გვესაუბრება ხალხი, რომელსაც ვერ აუტანია, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტლებას
ევროპასა და ევროპულ ღირებულებაზე გველაპარაკება ხალხი, რომელსაც ვერ აუტანია, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას და არა უმცირესობა. ამას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაგირება, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილმა კომენტარი გააკეთა საკუთარ ინიციატივაზე, რომ „ჯაშუშობის მუხლით უნდა გასამართლდეს ყველა, ვინც გამჭვირვალობის კანონის მიღებას ისევ აპროტესტებს“.
„სახელმწიფოს სჭირდება არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულება, რომ ასეთი აგრესია, შეურაცხყოფები იყოს გაჩერებული. ეს არ გაჩერდება სამართლებრივი რეაგირების გარეშე, რაც აუცილებლად დაიწყება. ევროპაზე და ევროპულ ღირებულებაზე გველაპარაკება ხალხი, რომელსაც ვერ აუტანია, რომ უმრავლესობა იღებს გადაწყვეტლებას და არა უმცირესობა, ამას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაგირება. უცხოური დაფინანსების ამარა როცა ხარ და ორგანიზაცია, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება, ამის მხარდამჭერი ხარ, თან ამას აღიარებ და ძალადობ, ეს არის სხვა სახელმწიფოს ინტერესების გატარება საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჯაშუშობის განმარტება მეტი არაფერია“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.