გურამ მაჭარაშვილი - 2008 წლის ომზე პრემიერის შეფასება ზუსტი იყო, მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რათა იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული
გურამ მაჭარაშვილი - 2008 წლის ომზე პრემიერის შეფასება ზუსტი იყო, მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რათა იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი, რათა საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მაჭარაშვილის შეფასებით, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებით ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა სჭირდება.

„საქართველოს უახლოეს ისტორიაში 2008 წლის ომი დასტურია, რა შეუძლია ქართულ გენს, როგორ შეუძლია სამხედროს თუ არასამხედროს, თავი დადოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის. რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთებულიყო ომის თავიდან ასაცილებლად, ამის თაობაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი და ბევრი რამის თქმას მოვერიდეთ, თუმცა შემდგომ ვთქვით ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა არაერთხელ თქვეს. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეფასება აბსოლუტურად ზუსტი იყო. მოვა დრო და საზოგადოებისთვის გაცილებით მეტი დეტალი გახდება ცნობილი. ეს არა იმისთვის, რომ ჩვენ რაიმე შურისძიება გვამოძრავებს, არამედ იმისთვის, რომ საზოგადოებამ და შთამომავლობამ იცოდეს, როგორი შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული. სპეკულაციები იმის შესახებ, თუ ვინ რამდენჯერ ახსენებს რუსეთს, მიანიშნებს, რომ ხელმოცარულ ოპოზიციას მეტი სათქმელი არაფერი აქვს. შემიძლია, პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების ის ნაწილიც გაჩვენოთ, სადაც ისიც და ჩვენ, ყველანი, რუსულ ოკუპაციაზე ვლაპარაკობთ და რუსეთზე, როგორც აგრესორ ქვეყანაზე ვსაუბრობთ.

ძალიან კარგად გვახსოვს მომენტი სახარებიდან, მამა ერთ შვილს ეუბნება – წადი, რაღაც საქმე გააკეთე. ის ეტყვის „დიახ“, მაგრამ არ გააკეთებს, მეორე ეტყვის „არა“, მაგრამ გააკეთებს. მამის თხოვნა რომელმა შეასრულა? ვინც უთხრა „არა“, მაგრამ საქმე გააკეთა. დეოკუპაციის პროცესის დაჩქარება იმაზე კი არ არის დამოკიდებული, ვინ რამდენჯერ იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტია, არამედ დამოკიდებულია იმაზე, ვინ როგორ პოლიტიკას აირჩევს. მინდა, საზოგადოებას და ხელმოცარულ ოპოზიციას შევახსენო – აბა, გაიხსენონ, გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე რატომ შეარქვეს? გიორგი მეხუთეს ბრწყინვალე, მათ შორის, იმიტომ შეარქვეს, რომ მან ფრთხილი პოლიტიკა აირჩია, ქართველმა მეფემ ქვეყანას სისხლისღვრა თავიდან აარიდა, რითიც მოახერხა, რომ ჯერ შიგნიდან გააძლიერა ქვეყანა და შემდეგ გარეშე აგრესორს მიხედა. ეს არის მოცემულობა და არა ის, რომ 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციას ჯერ სტრატეგიული ობიექტები მიყიდო და შემდეგ უთხრა, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩადოს და რაც შეიძლება ბევრი რუსი ტურისტი შემოვიდეს, ხოლო ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ ამბობდე, რომ ქვეყანას რუსული მთავრობა ჰყავს.

იმაზე, რისი თავიდან არიდებაც ნამდვილად არ შეიძლებოდა, მხედველობაში მაქვს სტიქიური კატასტროფები, ამბობენ, რომ ხელისუფლებას ეს თავიდან უნდა აერიდებინა, ხოლო იმაზე, რისი თავიდან არიდებაც შეიძლებოდა და თვითონ ვერ გააკეთეს, ამაზე ამბობენ, რომ თურმე ამის თავიდან არიდება არ შეიძლებოდა. როგორ გგონიათ, დღეს რუსეთის ფედერაცია უკან დაიხევს, მათ შორის, რომელიმე ევროპულმა სახელმწიფომ არასწორი ნაბიჯები რომ გადადგას? დაუკვირდით, როგორია ევროპული სახელმწიფოების, მათ შორის ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რიტორიკა და როგორი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. მათ ნატო-ს ქოლგა იცავს და პირდაპირ და გადაჭრით ამბობენ, რომ რუსეთთან რაიმე ტიპის სამხედრო კონფლიქტს არ აპირებენ, ზუსტად ეს არის ფრთხილი პოლიტიკა. საქართველოს ნატო-ს ქოლგა არ იცავდა და სააკაშვილი იმ რიტორიკით გამოდიოდა, რითიც გამოდიოდა. თუ ფრთხილი პოლიტიკა ისეთ ქვეყნებს სჭირდებათ, ვისაც ნატო-ს ქოლგა იცავს, როგორ გგონიათ, ისეთ მოწყვლად ქვეყანას, როგორიც საქართველოა, რუსეთთან მიმართებაში ფრთხილი და პრაგმატული პოლიტიკა არ სჭირდება?“ – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა, რომ „მთავარი გამოწვევა არის ოკუპაციის დასრულება და ქვეყნის ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ მშვიდობით, ჭკვიანური, პრაგმატული პოლიტიკით“. მისივე თქმით: „პატარა ბავშვი გათვლიდა იმ რისკებს, რაც, შესაძლოა, მოჰყოლოდა მთელ იმ პროვოკაციებს, რომლებიც ომამდე, ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხდებოდა. წინა ხელისუფლება იყო მხოლოდ საკუთარ ინტერესებზე მზრუნველი, რომელმაც ქვეყნის ინტერესებს უღალატა“. ამასთან, ღარიბაშვილმა აღნიშნა: „აგვისტოს ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა გამოიჩინა ყოფილმა მთავარსარდალმა იმ ფონზე, როდესაც ჩვენმა გმირებმა აჩვენეს უდიდესი გმირობა“.