საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა მალტასთან მოგებული (1:0) შეხვედრა შეაფასეს. როგორც გიორგი ბერიძემ განაცხადა, მეორე ტაიმში ერთით ნაკლები ფეხბურთელით ითამაშეს, ამიტომ შეხვედრა გართულდა, თუმცა შედეგს მაინც მიაღწიეს და მოიგეს.
„პირველ ტაიმში შეგვეძლო ყველაფერი დაგვესრულებინა, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში ერთით ნაკლები ფეხბურთელით ვთამაშობდით და უფრო გართულდა თამაში, მაგრამ მთავარია, მივაღწიეთ შედეგს და მოვიგეთ” – ამბობს გიორგი ბერიძე, რომელმაც ნაკრებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა.
ერთადერთი გოლი მალტელთა კარში პენალტით გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ გაიტანა.
„როდესაც ათი კაცის შემადგენლობით დავრჩით, გავირთულეთ მდგომარეობა. რაც შეეხება პირველ ტაიმს, ძალიან დადებითად შევაფასებ, მით უმეტეს ახალგაზრდა ფეხბურთელების თამაშს, ვისაც დღეს შანსი მიეცა. ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ასეთი მომენტები გუნდური მოქმედებების შედეგია. მსგავსი თამაშები ახალგაზრდებისთვის ძალიან კარგი გამოცდილებაა, რადგან სადებიუტო თამაშებს ემოცია ყოველთვის ახლავს“, – განაცხადა გურამ კაშიამ.
53-ე წუთზე საქართველოს ნაკრებს ვაკო გვილია გაუგდეს და დარჩენილი წუთები 10 მოთამაშით ჩაატარა.
„კარგია, რომ გამარჯვება ათი კაცითაც შევძელით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ, მაგრამ უფრო მეტი გოლი უნდა გაგვეტანა და უფრო თავდაჯერებულად მოგვეგო. ბოლო თამაშებს პოზიტიურად შევაფასებ, არც ერთი გოლი არ გაგვიშვია და ზედიზედ სამი თამაში მოვიგეთ. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ. მწვრთნელიც კმაყოფილია და ფეხბურთელებიც. შეიძლება დღევანდელი თამაშის ხარისხი უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ მოვიგეთ და ეს ყველაზე მთავარია. მით უმეტეს სეზონის ბოლოს სანაკრებო თამაშები იოლი არ არის, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ბევრი წამყვანი ფეხბურთელი გვაკლდა“, – განაცხადა გურამ კაშიამ.