არნემის „ვიტესის“ კაპიტანმა და საქართველოს ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ ჰოლანდიურ ინტერნეტ გამოცემა voetbalprimeur.nl-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც გვერდი ვერ აუარა გახმაურებულ თემას ლგბტ პირთა მხარდასაჭერ სამკლავურთან დაკავშირებით.
„ეს ძალიან რთული სიტუაცია იყო. ყველა სატელევიზიო გადაცემისა და საგაზეთო პუბლიკაციის მთავარი გმირი ვიყავი, რუსულმა BBC-მაც კი გააშუქა ეს ამბავი. ჩემს ქვეყანაში კი კრიტიკის საგნად ვიქეცი.
სიძულვილი, ზიზღი, შეურაცხმყოფელი სიტყვები – ამგვარი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მხრიდან არასოდეს მინახავს. არადა, აქამდე თითქოს ჩემს ქვეყანაში ფავორიტი ვიყავი და ყველას ვუყვარდი, მაგრამ ამ ამბის შემდეგ, ბევრი რამ სხვანაირად გამოჩნდა. მედლის მეორე მხარი დავინახე და სრულიად განსხვავებულ სამყაროში აღმოვჩნდი. ბევრი კრიტიკული და შეურაცხმყოფელი შეტყობინება მოდიოდა, მაგრამ მასზე ორჯერ მეტი იყო მხარდამჭერი წერილები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ. თუმცა, უარყოფითი სიტყვები ძალიან ცუდად მოქმედებს და დიდი ხანი არ გშორდება. ისევეა, როგორც ფეხბურთში: მწვრთნელის ათი კომპლიმენტი კარგია, მაგრამ ერთჯერადი კრიტიკა მთელს თქვენს განწყობას განსაზღვრავს“, – განაცხადა კაშიამ voetbalprimeur.nl-სთან კომენტარში.