გურამ იმერლიშვილი - საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის გაფორმებული მემორანდუმის შედეგებს ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად მოიმკის
საზოგადოებრივ მაუწყებელსა და ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს შორის გაფორმებულ მემორანდუმის შედეგებს ჩვენი სახელმწიფო აუცილებლად მოიმკის, – ამის შესახებ საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის მსახურმა, გურამ იმერლიშვილმა პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
მისი თქმით, პასუხისმგებლობა მხოლოდ უმრავლესობას არ აქვს და ყველამ თავისი ფუნქცია და როლი უნდა შეასრულოს.
„ჩვენ ძალიან კარგი სახელმწიფო გვაქვს, მაგრამ როგორც ზრდასრული საზოგადოება, ალბათ, ნაბიჯ-ნაბიჯ ერთმანეთის აზრის პატივისცემას უფრო მეტად ვისწავლით. თუ მომრავლდება პლატფორმები, სადაც ყველა ერთად დაჯდება და საჭირბოროტო საკითხებზე ისაუბრებს. ადრე თუ გვიან, ის სასურველ მოდელამდე მიგვიყვანს. ის, რაც მემორანდუმის სახით წამოვიწყეთ, კეთილი ნებაა. იგრძნობა, რომ თანამშრომლობის სურვილი რეალურად არსებობს და ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება. ჩვენი სახელმწიფო, დღევანდელი წამოწყების შედეგებს აუცილებლად მოიმკის“, – განაცხადა გურამ იმერლიშვილმა.
შეგახსენებთ, 16 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელსა და საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან ხანგრძლივ თანამშრომლობაზე და მიზნად ისახავენ თავისუფალი, დემოკრატიული, თანასწორუფლებიანი, სამართლებრივი სახელმწიფოსა და საზოგადოების ჩამოყალიბებაში საქართველოს ეროვნული და რელიგიური უმცირესობების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას.