გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები აქციას მართავენ
გურამ ფალავანდიშვილი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და მათი თანამოაზრეები აქციას მართავენ

მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა.

როგორც ჟურნალისტებს აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, აქცია „ბავშვთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ მიერ არის ორგანიზებული.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე დადო პირობა, რომ 2019 წლის 17-დან 23 ივნისს თბილისში ჩასატარებელ ე.წ. გეიპრაიდს მხარს დაუჭერს პოლიტიკურ დონეზე. მან გამოთქვა იმედი, რომ საქართველში მოქმედი ანტიდისკრიმინაციული კანონის მოქმედებიდან გამომდინარე, ვერავინ აღუდგება წინ ამ ე.წ. გეიპრაიდის ჩატარებას. ეს შეურაცხმყოფელია და პრემიერ-მინისტრმა ამაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, მისი თქმით, 17 მაისი ქართული საზოგადოებისთვის ერთგვარი გამოცდა იქნება.

„17 მაისი, ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, რომელიც ლიბერალებმა გამოაცხადეს, როგორც ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინაღმდეგ ბრძოლის დღედ, იქნება ერთგვარი დიდი გამოცდა ქართული საზოგადოებისთვის, რადგან ჩვენ მობილიზაციას დავიწყებთ სწორედ 17 მაისს და ერთი თვის განმავლობაში ქართული საზოგადოება იქნება სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ საქართველოში მით უმეტეს, მის დედაქალაქ თბილისში კატეგორიულად არ დაიშვას გეიაღლუმების, გეიპრაიდების, გეიპერფორმანსების და საერთოდ, იმ პროპაგანდისტული აქტივობების განხორციელება“, – აღნიშნა ლორთქიფანიძემ.

ამასთან, როგორც „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილი აცხადებს, აქცია მოქალაქეების მიერ სოციალური ქსელით დაიგეგმა.

„ ჩვენ ვართ ხალხი, საზოგადოების ჩვეულებრივი წევრები, რომლებმაც დავაანონსეთ, რომ უნდა მოვიდეთ აქ და მოვთხოვოთ პასუხი პრემიერს თავის ცუდ გამოსვლაზე. ასევე, ბევრ სხვა კითხვაზე, რომელსაც არავინ უსვამს – რატომ ლობირებენ ჰომოსექსუალიზმს, რატომ ლობირებენ კაზინოებს, ნარკოტიკებს, მეჩეთების მშენებლობას, რატომ ებრძვიან ეკლესიას, რატომ არ კრძალავენ აბორტს. ესაა ტრადიციული ქართული ერისა და საზოგადოების კითხვა“, -განაცხადა ფალავანდიშვილმა.

აქციის მონაწილეებმა დღეს მამუკა ბახტაძესთან შეხვედრაც მოითხოვეს, თუმცა მათ განუმარტეს, რომ არასამუშაო დღის გამო, პრემიერი და მთავრობის წევრები ადმინისტრაციაში არ იმყოფებიან.

„გვაქვს კითხვები, თუ არც პრემიერია და არც არავინ, მაშინ ავალთ ბიძინა ივანიშვილის სახლთან, შაბათია და იქნებ, სახლში იყოს. ამ კითხვებით მივმართავ. ივანიშვილი არის გახსნილი ადამიანი და მის საძულველ გვარამიასაც კი იწვევს ეთერში. გვარამია სინამდვილეში ამას არ შეეკითხება, მათ ერთი უფროსი ჰყავთ, ჩვენ გვიპასუხოს“, – განაცხადა ფალავანდიშვილმა.

მთავრობის ადმინისტრაციის შემდეგ აქციის მონაწილეები პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ გაემართნენ, სადაც ამავე საკითხებზე წერილის დატოვებას გეგმავენ.