გურამ ბაღდოშვილი -კორონავირუსის გადავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს
გასტრონომიის აკადემია პირველ კურსს აპრილის ნაცვლად, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მიიღებს. ამის შესახებ გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ და რესტორატორმა გურამ ბაღდოშვილმა დღეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
გადაცემაში კორონავირუსის საფრთხის პრევენციის მიზნით დახურულ კაფე-ბარებზე, რესტორნებზე და ზოგადად ე.წ. ჰორეკას სექტორის პრობლემებზე ისაუბრეს.
დისკუსიის დროს გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასოციაციაში უკვე შედის ინფორმაცია თანამშრომლების გათავისუფლების ან ხელფასების ნაწილობრივ გადახდის შესახებ.
„შემოდის ასოციაციაში ზარები და გვეუბნებიან, რომ რაღაც ნაწილი სამსახურიდან გაგვათავისუფლეს, ზოგმა სასტუმრომ თითქმის 70 პროცენტზე ნაკლები ხელფასი გადაუხადა პერსონალს, ზოგმა 50 პროცენტი გაათავისუფლა ან ე.წ. სტენდ-ბაი [სათადარიგო] რეჟიმში გადაიყვანა. ეს წარმოუდგენელი ციფრია. წარმოიდგინეთ რამხელაა ჰორეკას სექტორი და რამდენი ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე, ყველას მიკროკრედიტი აქვს გადასახდელი ვინც აქ მუშაობს და არანაირი დანაზოგი, არავინ ელოდა ამ კრიზისს“, – განაცხადა ბაღდოშვილმა.
თუმცა მისი აზრით, იმ რესტორნებმა, ვისაც საშუალება აქვთ მიტანის სერვისზე უნდა გააგრძელონ მუშაობა, რომ ეს ბიზნესი ისევ არ ჩაიძიროს.
„დღეს ჩემი რესტორანი ზარალზე მუშაობს, რადგან არ არის დიდი ბრუნვა და 4-5 ადამიანი ყველაზე ცოტა უნდა დავიტოვო და ვამუშაო. ზუსტად ამიტომაც ვართ, რომ ვისაც ამის საშუალება გვაქვს, გატანით სერვისზე გავხსნათ რესტორნები და დავიტოვოთ ასეთი ე.წ. სარკმელი, რომ არ ჩაიძიროს ეს ბიზნესი, რადგან საქართველო მრავალი წელი დასჭირდა რომ 90-იანების ჭაობიდან ამოსულიყო“, -განაცხადა ბაღდოშვილმა.
გასტრონომიული ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, მოცემულ მდგომარეობაში, როდესაც ფაქტობრივად სახელმწიფო დაპაუზებულია, ჰორეკას სექტორში საგანმანათლებლო პროექტები არ უნდა გაჩერდეს.
მისი აზრით, კორონავირუსის გადავლის შემდეგ, არ არის გამორიცხული, საქართველო ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდეს, რადგან გარკვეულმა საქართველოზე ბევრად განვითარებულმა ქვეყნებმა ვერ მოახერხეს კორონას შემაკავებელი ზომების მიღება ისე ეფექტურად, როგორც საქართველომ. ამიტომ ჰორეკას სექტორში კვალიფიცირებული კადრი მოთხოვნადი იქნება.
„არ არის გამორიცხული, რომ საქართველო გახდეს ერთ-ერთი პირველი წერტილი, სადაც ტურიზმი მოაწვება, რადგან ასეთი პატარა ქვეყანა ვართ და ასე ცოტა ადამიანი გვყავს დაავადებული. მთელი ქვეყანა მხარს უჭერს ერთმანეთს ამ კრიზისში და ვცდილობთ, თავი დავიცვათ, არ ვიყოთ კომუნიკაციაში ისე ხშირად, როგორც ქართველებს გვიყვარს. ევროპის ზოგიერთ ქალაქში ბაგა-ბაღი და სკოლაც კი არ არის დახურული, ისე უპასუხისმგებლოდ უდგებიან საკითხს. ჩვენ საქართველოში ძალიან აქტიურად ვებრძვით კორონას. რაც შეეხება მომავალ ტურიზმს საქართველოში, სამწუხაროდ, შეჩერდა გასტრონომიის აკადემია, რომელიც ახლა დაარსდა და აპრილიდან პირველ კურსზე დაახლოებით 100 ადამიანის გადამზადების დაწყებას აპირებდა. მათ მსოფლიო სტატუტის სერტიფიკატი უნდა მიეღოთ. სამწუხაროდ, ეს პროექტი გაჩერდა და იმედია, მხოლოდ შემოდგომამდე“, – განუცხადა გურამ ბაღდოშვილმა „ბიზნესპარტნიორს“.