გუნარ ჰოკმარკი - თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ დავიცავთ, მაშინ ვერც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვას შევძლებთ
გუნარ ჰოკმარკი - თუ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ დავიცავთ, მაშინ ვერც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტის დაცვას შევძლებთ

ეს იყო სამხედრო ინტერვენცია, 2008 წელს რუსეთმა თავისუფალ და დამოუკიდებელ სახელმწიფოში სამხედრო ინტერვენცია მოახდინა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა გუნარ ჰოკმარკმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი ქვეყნის ოკუპაცია დღემდე გრძელდება.

„თუ ჩვენ არ დავდგებით საქართველოს გვერდით და არ დავიცავთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მაშინ ჩვენ ვერ დავიცავთ სხვა ევროპული სახელმწიფოების, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. საქართველოში რუსეთის შეჭრა არის ერთი მაგალითი, თუ როგორ ახორციელებს რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას მეზობელი ქვეყნების მიმართ.

რუსეთი პასუხისმგებელია სამხედრო ინტერვენციაზე, მილიტარიზაციაზე, სეპარატისტების მხარდაჭერაზე, დეზინფორმაციასა და პროპაგანდაზე. რუსეთს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ოკუპაციის დროს ხდება სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში. ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და პატივის სცეს საერთაშორისო კანონმდებლობას“, – განაცხადა გუნარ ჰოკმარკმა.

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს შესახებ დებატები იმართება, რომელზეც სიტყვით გამოვიდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი თემაზე – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის შეჭრიდან 10 წლის შემდეგ. ევროპარლამენტის პირველ რეზოლუციას, რომელშიც არჩილ ტატუნაშვილზე იქნება საუბარი, 14 ივნისს უყრიან კენჭს.