გუმათის დასახლებაში ინციდენტისას, პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა
გუმათის დასახლებაში ინციდენტისას, პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა

რიონის ხეობაში, გუმათის დასახლებაში ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტის დროს, პოლიციამ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციის ოთხი მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა. ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ხმაური იყო გუმათის დასახლებაში არსებულ რკინის ღობესთან, რომელიც ღამით სამართალდამცველებმა გზაზე აღმართეს.

აქციის მონაწილეები პერიოდულად ღობეზე ბრახუნით აპროტესტებდნენ აღნიშნული ღობის აღმართვას. პოლიციამ მათ მოუწოდა, შეეჩერებინათ ეს ქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პროპორციულ ძალას გამოიყენებდნენ. აქციის მონაწილეებმა პოლიციას მიმართეს, მათთვის ეჩვენებინათ შესაბამისი კანონი, რომლითაც ეს ქმედება ეკრძალებათ. დაპირისპირება სწორედ ამას მოყვა.

აქციის ოთხი მონაწილე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით აიყვანეს.