„გუგლი“ - 16 თებერვლიდან 29 მარტამდე საქართველოში მოქალაქეების გადაადგილება მაღაზიებში, რესტორნებში, კაფეებში და სხვა ადგილებში 67 პროცენტით შემცირდა
„გუგლმა“ საქართველოში მოქალაქეების გადაადგილების შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კვლევა ეფუძნება მობილური ტელეფონებიდან მიღებულ ინფორმაციას და ის დაეხმარება ჯანდაცვის სექტორს, უკეთ გააანალიზოს, თუ რამდენად ემორჩილებიან მოქალაქეები სოციალური დისტანციის შესანარჩუნებლად დაწესებულ შეზღუდვებს.
„გუგლის“ მონაცემებით, საქართველოს შემთხვევაში 16 თებერვლიდან 29 მარტამდე პერიოდში მოქალაქეთა გადაადგილება მაღაზიებში, კინოთეატრებში, რესტორნებში, კაფეებში, მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში 67 პროცენტით შემცირდა.
ამავე პერიოდში 36 პროცენტით ნაკლები მოქალაქე გადაადგილდებოდა სურსათის მაღაზიებში, ბაზრებსა და აფთიაქებში.
24 პროცენტით ნაკლები მოქალაქე სტუმრობდა ეროვნულ პარკებსა და ბაღებს.
დროის იმავე პერიოდში 53 პროცენტით არის შემცირებული საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებმაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რკინიგზით ისარგებლეს.
სამუშაო ადგილებზე გადაადგილების მაჩვენებელი 38-ით არის შემცირებული.
ამასთან, როგორც „გუგლის“ კვლევაშია აღნიშნული, მოქალაქეების გადაადგილება 12 პროცენტით არის გაზრდილი მათ საცხოვრებელ უბნებში.
„გუგლის“ კვლევა 131 ქვეყანას მოიცავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მათ მიერ გავრცელებული მონაცემების სხვადასხვა ქვეყნებში არსებული სიტუაციის შესადარებლად გამოყენება, რეკომენდებული არ არის.