გუგა ქაშიბაძე - ტყიბულის მაღაროში დაშავებული რვა პირიდან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, მას სხეულის 60% აქვს დაზიანებული
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელ გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ტყიბულის მაღაროში დაშავებული რვა პირიდან სამი დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებებშია მოთავსებული. მისივე თქმით, დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
„გამთენიისას შემოიყვანეს რვა მაღაროელი. მათ სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. სამი პირი მოთავსებულია დამწვრობისა და რეანიმაციულ განყოფილებებში, მათგან ერთის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, რომელსაც სხეულის 60% აქვს დაზიანებული, რასაც ემატება სასუნთქი გზების დაზიანება და განგრძობითი შოკი. ამ ეტაპისთვის ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა გუგა ქაშიბაძემ.
ტყიბულის მაღაროში გვიან ღამით მომხდარ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.