გუგა ქაშიბაძე აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაშავებული სამი მამაკაციდან ერთი რეანიმაციაში, ორი კი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკაში ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული სამი ადამიანია შეყვანილი.
ექიმის ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია.
„ჩვენს კლინიკაში არის შემოსული სამი მამაკაცი. აფეთქების შედეგად მიღებული აქვთ სხვადასხვა სახის ტრავმები. ერთ-ერთი მათგანი, 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული რეანიმაციულ განყოფილებაში, დაზიანებული აქვს თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც ამ აფეთქებამ გამოიწვია. ორი მამაკაცი არის მოთავსებული ქირურგიულ განყოფილებაში, 30 და 39 წლის მამაკაცები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება. რაც შეეხება 59 წლის მამაკაცს, გვაქვს საკმაოდ სერიოზული დაზიანებები, თუმცა მისი მდგომარეობა, გამომდინარე ტრავმიდან, ამ წუთისათვის არის თავიდან ბოლომდე სტაბილური“, – განაცხადა ქაშიბაძემ.
ბოჭორმის ქუჩაზე, ერთ-ერთ სასროლეთში აფეთქება მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მაღაზია „ბეთლგრაუნდის“ სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებულია ოთხი ადამიანი.