გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს
გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს

მთის კურორტების განვითარების კომპანიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუდაურში საბაგიროები შეფერხებით მუშაობს.

ინფორმაციის თანახმად, მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა.

„დღეს დილის 09:00 საათზე, კურორტ გუდაურში მწყობრიდან გამოვიდა საბაგიროებისთვის განკუთვნილი ელექტროსისტემა. აღნიშნული ავარიის გამო, კურორტზე საბაგიროს მუშაობა დროებით შეჩერდა. მიმდინარეობს ავარიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და აღმოფხვრა.

ამ ეტაპისთვის ჩართულია „სოლიკო“, „ზუმა“ და „პირველი“ საბაგიროები. აღნიშნული საბაგიროებით მგზავრობა უფასოა. კიდევ ერთხელ, ბოდიშს გიხდით შექმნილი მდგომარეობის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, საბაგიროების მუშაობა ხვალისთვის სავარაუდოდ, სრულად აღდგება. ამასთან, აღნიშნავენ, რომ დღეს შეძენილი ბილეთების თანხა სრულად ანაზღაურდება.