გუდაურში დაღუპული სალომე ტატიშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს
12 წლის მოთხილამურის, სალომე ტატიშვილის გარდაცვალების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია გადაწყვეტილებას სავარაუდოდ დღეს გამოაცხადებს. გამოძიების ინფორმაციით, გოგონა 2016 წლის 10 იანვარს გუდაურში სრიალისას 20 წლის გიორგი ლიპარტელიანის ზურგიდან შეჯახების შედეგად, ადგილზე დაიღუპა.
ბრალდების მხარე და სალომე ტატიშვილის ოჯახი გიორგი ლიპარტელიანს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ედავება, თუმცა 2017 წლის 29 დეკემბერს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ლიპარტელიანი უდანაშაულოდ ცნო.
სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ უკვე მოისმინა ბრალდებისა და დაცვის მხარის დასკვნითი სიტყვები.
გიორგი ლიპარტელიანი ამჟამად პრაღაში ცხოვრობს და სწავლობს. გარდაცვლილის მშობლები ამტკიცებენ, რომ ლიპარტელიანი მომხდარი შემთხვევის დროს ნასვამი იყო.