გუდაურში 12 წლის მოზარდის გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ძებნილის ექსტრადირება ჩეხეთიდან განხორციელდა
საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობით, ჩეხეთის რესპუბლიკიდან გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის ძებნილის, გიორგი ლიპარტელიანის ექსტრადირება განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს მიერ ძებნილი პირი ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს.
„საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩეხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში ექსტრადირებული იქნა საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის მსჯავრდებული გ.ლ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენით, გ.ლ. დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით და მასზე გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
სასამართლოში დადასტურდა, რომ 2016 წლის 10 იანვარს სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში, ე.წ. „კუდები 3“ ტრასაზე თხილამურით სრიალისას, გ.ლ.-მ უგულველყო წინდახედულობის ნორმები, არ გაუწია კონტროლი თავის მოძრაობას, არ შეუფარდა სრიალის სიჩქარე და მანერა არსებულ პირობებს და გარემოს, არ შეარჩია წინა მოსრიალისთვის უსაფრთხო მარშრუტი და დისტანცია და უკნიდან, დიდი სისწრაფით შეეჯახა იმავე სასრიალო ტრასაზე მოსრიალე არასრულწლოვან 12 წლის ს.ტ.-ს, რომელიც შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა.
საქართველოს მიერ ძებნილი გ.ლ. ჩეხეთის რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს. შესაბამისად, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს, მისი ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა.
ქართული მხარის შუამდგომლობა ჩეხეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ სრულად იქნა დაკმაყოფილებული და მხარეთა ეფექტური თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა გ.ლ.-ს საქართველოში ეტაპირება“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.