საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
„თოვლის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ამ დრომდე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური-კობის მონაკვეთზე გრძელდება გზის გაფართოების სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების აღდგენა“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან ს/გზის კმ85 მონაკვეთამდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება“, – აღნიშნავენ უწყებაში.