გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთი მსუბუქი ავტომობილებისთვის გაიხსნა. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ადგილზე მუშაობა დაასრულეს და მძიმე ტექნიკას ტერიტორიის სრულად გაწმენდის ნებართვა მისცეს. ამ დროისათვის საავტომობილო გზაზე ზვავსაშიშროება აღარ არსებობს.
თოვლისა და ლიპყინულის გამო, შეზღუდვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის და მათთვის გადაადგილება აკრძალულია.
ამასთან, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ცალმხრივ რეჟიმში მიმდინარეობს.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით ხორციელდება.
გზების დეპარტამენტში ვარაუდობენ, რომ ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისათვის გზაზე შეზღუდვები ხვალიდან მოიხსნება. სოფელ მლეთასა და ჟინვალში სატვირთო ავტომობილების კოლონა უკვე მესამე დღეა დგას. მძღოლებს ცხელი საკვებით მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს.