გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის (სოფ. ქვემო მლეთადან საავტომობილო გზის 85-ე კმ-მდე) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
„აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით მოხდება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.