გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის, გუდაური(ფოსტა)-კობისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
მათივე ცნობით, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.