გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია
გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამასთანავე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

გუდაური-კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ზვავსაშიშროებისა და ცუდი ხილვადობის გამო მე-4 დღეა აკრძალულია. რაც შეეხება მსუბუქ ავტოტრანსპორტს, ზვავსაშიშროების გამო მოძრაობა აკრძალული იყო სამი დღის განმავლობაში.

„გუშინ, როგორც კი ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა გზის სავალი ნაწილი გაიწმინდა და რამდენიმე საათის განმავლობაში მოხერხდა დაგროვილი მსუბუქი ავტოტრანსპორტის გატარება. დღეს, დილის 04:00 საათისთვის მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ძლიერი ქარბუქისა და ცუდი ხილვადობის გამო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტს, ადგილზე მობილიზებული ჰყავს ყველა საჭირო ტექნიკა და მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე მოხდება, გზის გაწმენდა და ავტოტრანსპორტის გატარება. ამ ეტაპზე კი, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო უღელტეხილზე გადაადგილება არ არის უსაფრთხო“, – აცხადებენ უწყებაში.