გუდაურამდე მისვლა მსუბუქი ტრანსპორტისთვის ჯაჭვების გარეშეა შესაძლებელი
გუდაურამდე მისვლა მსუბუქი ტრანსპორტისთვის ჯაჭვების გარეშეა შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაურამდე გადაადგილება მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის თავისუფალია და მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენების გარეშეა შესაძლებელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა რჩება საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე, სადაც ინტენსიური თოვის გამო ზვავსაშიშროებაა და აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის ფასანაური-გუდაურის(ფოსტა) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით ხორციელდება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.