გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ჯერ უცნობია, ჰყავს თუ არა თანამზრახველი ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს
რა სატრანსპორტო საშუალებითაც ბანკში შესვლამდე გადაადგილდებოდა ბოროტმოქმედი, დადგენილია, თავისთავად დადგენილია ავტომანქანის მფლობელიც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, მალხაზ თორიამ განუცხადა.
„დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრში, გამსახურდიას გამზირზე ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი შეიჭრა „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში, რომელიც მდებარეობს, როგორც მოგეხსენებათ, ზუგდიდის ცენტრში. ბანკის შენობა არის ოთხსართულიანი. მეოთხე სართულზე აქვს მოედანი. შეჭრის შემდეგ, ბოროტმოქმედმა აიყვანა მძევლები. ბანკში იმყოფებოდა როგორც მომსახურე პერსონალი, ასევე მომხმარებლები. მძევლების ნაწილი ბოროტმოქმედმა აიყვანა მესამე სართულზე, სადაც ამ დრომდე ჰყავს მძევლები. ბანკში მყოფი როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების გარკვეული ნაწილი ავიდა ბანკის სახურავზე, საიდანაც შემდგომ სახანძრო კიბით შეძლეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით გამოსვლა. ამ ეტაპისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარეობს სპეცოპერაცია“, – აღნიშნა მალხაზ თორიამ.
მისივე თქმით, იდენტიფიცირებულია პირი, რომელმაც თავდამსხმელი ბანკში მიიყვანა.
„ჯერჯერობით ზუსტად მტკიცება შეუძლებელია, ვინაიდან ბანკში მძევლები არიან 10-ზე მეტი. მას იქ ჰყავს თუ არა კიდევ თანამოაზრე, ეს ამ ეტაპზე უცნობია. შემიძლია, გითხრათ, რომ ყველა საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები და ვინაიდან საქმე გვაქვს მოქალაქეთა უსაფრთხოებასთან, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. უშუალოდ რა სატრანსპორტო საშუალებითაც ბანკში შესვლამდე გადაადგილდებოდა ბოროტმოქმედი, ეს დადგენილია. თავისთავად დადგენილია ავტომანქანის მფლობელიც და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დანარჩენს ყველაფერს გამოძიება უპასუხებს“, – განაცხადა თორიამ.