გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს „პროვოკატორი“ და „დეზინფორმატორი“ უწოდა
საქართველოს პირველი არხის მიერ პარლამენტში შესვლის საკითხზე პოლიტიკური გაერთიანების „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ საარჩევნო სიის წევრის, გუბაზ სანიკიძის კომენტარის გავრცელების შემდეგ, გუბაზ სანიკიძემ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტს „დეზინფორმატორი“, „პროვოკატორი“ და „ტროლი“ უწოდა.
სანიკიძემ პრეტენზია გამოთქვა კომენტარის შინაარსთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება მას არ გაუკეთებია. გარდა ამისა, ონლაინგამოცემა presa.ge-მ გაავრცელა სანიკიძის განცხადება, სადაც ამტკიცებს, თითქოს საქართველოს პირველმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ის პარლამენტში შესვლას აპირებს, თუმცა მსგავსი შინაარსის წინადადება საქართველოს პირველი არხის მიერ გავრცელებულ მასალაში არ არის.
საქართველოს პირველი არხი დღეს გუბაზ სანიკიძეს ტელეფონით დაუკავშირდა და კითხვით მიმართა პარლამენტში შესვლის საკითხზე. გუბაზ სანიკიძემ საპასუხოდ განაცხადა: „ორი-სამი დღე მაცალეთ, მერე გაგცემთ პასუხს, ამ მომენტში ვარ მაყურებელი, ჩემო კარგო ადამიანო“. არსებობს საუბრის აუდიოჩანაწერიც, რომელიც თან ერთვის მასალას.