გუბაზ სანიკიძე - თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლით, თუ არჩევნები არ ჩატარდება ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას
სომხეთის ამბავი გვიხლოვდება, ფაშინიანის ამბავი გვიხლოვდება, ფაშინიანს თავად ეპოქა ქმნის, ვითარება ქმნის გმირს, პიროვნებას, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა. როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, ქვეყანაში რევლუციური სცენარით მოვლენების განვითარებას არ ემხრობა.
„სალომე ფაქტორია დღეს, ძალიან საეჭვო არჩევნებში მოიგო, მაგრამ ფაქტორია. სალომე ზურაბიშვილი რომ პრეზიდენტად არ ვაღიაროთ, დავამხოთ და რევოლუცია მოვაწყოთ, ამას მოყვება უვიზო რეჟიმის გაუქმება, მთელი ამბები, გადაგვისვრიან უკან. ამიტომ, ეს არის ფაქტორი, სალომესთვის უნდა დავტოვოთ ღია ოპოზიციური კარიბჭე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე განცხადებით, მრგვალმა მაგიდამ გააკეთა თავის დროზე ის, რაც ახლა უნდა გაკეთდეს.
„მრგვალმა მაგიდამ იმუშავა საარჩევნო გარემოზე, საარჩევნო გარემოთი მიაწვა კომუნისტურ ხელისუფლებას, უკეთეს პირობებში დაანიშნინა არჩევნები და დაამარცხა“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე შეფასებით, ქვეყანაში თუ არ შეიცვალა საარჩევნო გარემო, საქართველო მიიღებს რევოლუციას.
„ხელისუფლებას, მივმართავ, ჩემო ძვირფასებო, ბევრი ჩემი მეგობარი ხართ, ქვეყანა აქეთ არ წაიყვანოთ, თორემ პარიზს შეხედეთ, ყვითელჟილეტიანები ხელისუფლებას რას უშვებიან და ხელისუფლება როგორ იქცევა, დღეს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და გამოაცხადა, რომ უნდა დავუთმოთ ამ ხალხსო. არ ხართ იმპერატორები, არ ხართ მაგრები, ძალიან სუსტად ხართ. მე რევოლუციის არ მეშინია, დასჭირდება ამ ქვეყანას რევოლუცია, მოხდება რევოლუცია. თუ არაფერს შეცვლით, თუ საარჩევნო გარემოს არ შეცვლით, თუ არჩევნები არ ჩატარდება აქ ნორმალურად, საქართველო მიიღებს რევოლუციას და მე კი არ ვარ ამის გარანტორი, ხალხია ამის გარანტორი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.