გუბაზ სანიკიძე - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის დიდი შეცდომაა, რომელიც საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს მისთვის
გუბაზ სანიკიძე - ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება ბიძინა ივანიშვილის დიდი შეცდომაა, რომელიც საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს მისთვის

ბიძინა ივანიშვილს აქვს საშინაო დავალება – საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და საქართველოს ჩაბარება რუსეთისთვის, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გუბაზ სანიკიძემ ირაკლი ოქრუაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მეც ვიყავი დაკითხვაზე, ანალოგიურ მდგომარეობაში ვარ, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს აქვს ფსიქიური აშლილობა. ის პუტინის ხელის ბიჭია. აქვს საშინაო დავალება – საქართველოს პოლიტიკური ოპოზიციის განადგურება და საქართველოს ჩაბარება რუსეთისთვის. რატომ ირაკლი ოქრუაშვილი? პირველი – ბოლო დღეების განმავლობაში ოქრუაშვილის განცხადებები ეწინააღმდეგებოდა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს, მათ შორის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით. ეს ბიძინა ივანიშვილის დიდი შეცდომაა, რომელიც საბედისწერო შეიძლება, აღმოჩნდეს მისთვის. სახეზე გვყავს პირველი პოლიტიკური პატიმარი, როგორც პარტიის ლიდერი. მარტო ირაკლი ოქრუაშვილზე გაჩერდება თუ დანარჩენებსაც მოგვაკითხავს, მისი ტაქტიკის საქმეა. ბიძინა ივანიშვილს აქვს სისხლიანი საშინაო დავალება პუტინისგან“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.