გუბაზ სანიკიძე - ჩვენ უნდა ვიყოთ მორალურად აგრესიულები „ოცნებასთან“, კობახიძე უარესია ჩემთვის, ვიდრე გავრილოვი
ირაკლი კობახიძე უარესია ჩემთვის, ვიდრე გავრილოვი, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა, გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.
როგორც გუბაზ სანიკიძემ აღნიშნა, გავრილოვი მეტოქეა, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელია, მას აქვს დავალება და თავის ქვეყნის საქმეს აკეთებს, მაგრამ ის, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, არის სირცხვილი.
„ჩემთვის კობახიძე არის მიუღებელი ადამიანი. კობახიძე არ უნდა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდაზე. მათ ჰყავთ კვალიფიციური იურისტები, იგივე მდინარაძე. ეს არის კობახიძის დანაშაული, პერსონიფიცრდება მასზე და არა მარტო შაქარია ქუცნაშვილზე, რომელსაც პანღური ამოარტყეს, „კატოკი“ გადაატარეს წელზე და გააქრეს საერთოდ. როცა მიდიხარ მოლაპარაკებებზე, გეკითხათ მაინც ეს კაცო რატომ ზის აქ. ჩვენ ხომ ვიცით რაც ხდება, შედიხართ ისევ „ოცნების“ ველზე. ჩვენ უნდა ვიყოთ მორალურად აგრესიულები „ოცნებასთან“, მე რომ მივსულიყავი პრეზენტაციაზე, კობახიძეს ვაგინებდი მკვდარს და ცოცხალს, ამიტომ არ მივედი, მაგრამ ჩვენ ყველას ჩვენი ემოცია გვაქვს. მე არავის არ ვამტყუნებ და არც არავის ვამართლებ, ჩემი თხოვნა იქნება, თუ ოპოზიციური ერთობა გვინდა, ჩვენ უნდ მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ იქიდან ვინ იჯდება, ამას აქვს მნიშვნელობა, კობახიძე რომ არ უნდა იჯდეს, ეს არის ცხადზე უცხადესი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.