„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენელი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ მისი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბიძის, თემურ ალასანიას საუბრის ჩანაწერი დამახინჯებულია და არ არის ავთენტური.
„მინდა, გულწრფელი მილოცვა გავაკეთო ჩემი საზოგადოების მიმართ, რომ დაბრუნდა მოსმენები, აღდგა ყველაფერ ეს მიყურადება და ა.შ. მაინც ვერ მოითმინა ბიძინა, მისი საყვარელი საქმე არის მოსმენა. ისე არის დამახინჯებული და ფრაგმენტირებული სიტყვის დასაწყისი არის მეორე სიტყვის ბოლოზე მიბმული. მე მქონდა ბატონ თემურთან საუბარი საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, ვისაუბრეთ ყველაფერზე, შექმნილ ვითარებაზე“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
მისივე თქმით, აქვს სურვილი, რომ ეს ჩანაწერი სრულად გამოქვეყნდეს და ქართველმა ხალხმა მოისმინოს ყველაფერი.
„მე გამიხარდება, რომ ეს ქართველმა ხალხმა მოისმინოს, რადგან იქ არის ძალიან ბევრ თემებზე საუბარი, სხვათა შორის არისტოტელეზე და პლატონზეც არის იქ საუბარი, როცა „სახელმწიფოს დამხობას“ ვაპირებ. იქ საუბარი იყო მოსაზრებების ურთიერთგაცვლაზე და ეს მოსაზრებები, რომელიც იქ არის ჩაწერილი ორი დღით ადრე, ვიდრე ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებდნენ „კავკასიაზე“ ვილაპარაკე. მე თემურ ალასანიას ველაპარაკე, მაგრამ ეს რაც აქვთ ფრაგმენტირებული, მიჭრილ-მოჭრილი არ არის ავთენტური. დამახინჯებულია მიჭრილ-მოჭრილია, არც გამარჯობა ისმის, არც ნახვამდის ისმის, სხვათა შორის იქ არის ერთი მომენტი, მე ვამბობ, რომ ულტიმატუმი უნდა წარედგინოს და გაწყვეტილია. არ გაინტერესებთ ულტიმატუმში რა შედის? ამაში შედის საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცვლა და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. სადმე შევარდანძეზე, ჯარის შექმნაზე, პოლიციის შექმნაზე ან სამთავრობო ბლოკში იერიშის მიტანაზე არის ლაპარაკი“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
ტელეკომპანია „იმედმა“ უკრაინულ „ობოზრევატელზე“ დაყრდნობით ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, თემურ ალასანია და გუბაზ სანიკიძე, ასევე სალომე სამადაშვილი საუბრობენ.