გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციურ დაწესებულებებში ვაქცინაცია დაიწყო
პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
სამსახურის ცნობით, გრიპის პროფილაქტიკის მიზნით იგეგმება როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია.
„სეზონური გრიპის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, მსჯავრდებულთა ვაქცინაცია განხორციელდა არასრულწლოვანთა N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, სადაც აცრა 21 არასრულწლოვანს ჩაუტარდა. N12 და N16 პენიტენციურ დაწესებულებებში გრიპის საწინააღმდეგო აცრა 60 მსჯავრდებულს ჩაუტარდა. N8, N5, N17 პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მსჯავრდებულთა ვაქცინაცია 25 დეკემბერს ჩატარდება.
პირველ ეტაპზე მოხდება ქრონიკული დაავადებების მქონე, ასევე ასაკოვანი მსჯავრდებულების ვაქცინაცია, შემდგომ ეტაპზე კი ვაქცინაციის პროცესი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაცილებით მეტ რაოდენობას მოიცავს, რაც პენიტეციურ დაწესებულებებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს“ – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.